ირანის ელჩი - ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ და აზიურ დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელსაც შეუძლია, მეტი შესაძლებლობა მისცეს განვითარებისა და დაკავშირებადობის კუთხით
ირანის ელჩი - ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ და აზიურ დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელსაც შეუძლია, მეტი შესაძლებლობა მისცეს განვითარებისა და დაკავშირებადობის კუთხით

ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის ერთგვარი შემავსებელი ირანის ურთიერთობის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება ითქვას, რომ ერთ ქვეყანასთან ურთიერთობა ანაცვლებს სხვა ქვეყანასთან ურთიერთობას.

„გუშინ კანადის პრემიერმა ერთი საინტერესო რამ თქვა. მისი თქმით, დღესდღეობით სამყარო არის სრული ქაოსის წინაშე, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს. სამხრეთ კავკასია და ირანი საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება და განვითარებისკენ წასვლა. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არასოდეს ვცდილობთ რომელიმე ქვეყნის შეზღუდვას ან მასზე გავლენის მოხდენას, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ყველასთან გვაქვს ისტორიული ურთიერთობა, ყოველთვის ვცდილობთ ამ ისტორიული ურთიერთობების დაცვას და შენარჩუნებას“, – განაცხადა ირანის ელჩმა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკაში ერთადერთი წითელი ხაზია, რომ ირანს არ სურს, მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა გამოიყენონ ამ ქვეყნების რესურსები მის წინააღმდეგ.

„საგარეო პოლიტიკაში ერთადერთი წითელი ხაზია, რომ ჩვენ არ გვსურს, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა გამოიყენონ ამ ქვეყნების რესურსები ჩვენ წინააღმდეგ. ირანის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია: კრიზისების და კონფლიქტების შემცირება, ნდობის ამაღლება, სახალხო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ელჩმა საქართველოსთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, მთავარი მიზანია ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც მიმართული იქნება რეგიონის განვითარებისკენ.

„რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ჩვენს პრიორიტეტებს, ვიდრე ჩამოვიდოდი, მქონდა შეხვედრა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტთან, მან მითხრა, რომ მთავარი ჩემი მიზანი, რაც განსაზღვრა პრეზიდენტმა, არის მუშაობა ეკონომიკაზე, რომელიც იქნება სრულმყოფი რეგიონისთვის და მიმართული იქნება რეგიონის განვითარებისკენ. ვერავინ წარმოადგენდა 4-5 წლის წინ, რომ კოვიდის და უკრაინის ომის წინაშე აღმოჩნდებოდა მსოფლიო. ვერავინ წარმოადგენდა, რომ ოდესმე ამერიკა გრენლანდიაზე განაცხადებდა პრეტენზიას და ამით საფრთხე შეექმნებოდა, ჩრდილი მიადგებოდა ევროატლანტიკურ სივრცეში თანამშრომლობას. ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და, აქედან გამომდინარე, საჭიროა უფრო მეტი თანამშრომლობა და უსაფრთხოების ჯაჭვის შექმნა. შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ, რომ განვავითაროთ რეგიონი, ჩვენი ქვეყნები. ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლოთ, იმავე ენერგეტიკის სფეროში, გაზის, ელექტროენერგიის. რაც შეეხება ირანის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, უპირველეს ყოვლისა, ირანი ესწრაფვის გეოგრაფიის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას რეგიონში. შესაბამისად, ირანი დაინტერესებულია რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების გადაწყვეტით. ზოგიერთი პრობლემა უკავშირდება საბჭოთა პერიოდს, ზოგი უფრო ადრეული საუკუნეებიდან იღებს სათავეს. ასევე, ირანის სურვილია, ხელი შეუწყოს რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მშვიდობიან თანაცხოვრებას“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ირანი დაინტერესებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაში.

„ძალიან კარგია, როდესაც საქართველო ცდილობს თავისი რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებას. ქვეყანას, რომელიც არის შავიზღვისპირეთში, შეუძლია, დააკავშიროს ევროპასთან ჩინეთი, აღმოსავლეთ აზია, იგივე ინდოეთი და ასევე ჩვენი ქვეყანა – ირანი. ბუნებრივია, ჩვენც ვართ დაინტერესებული, დავეხმაროთ საქართველოს თავისი ტრანზიტული პოტენციალის გაზრდაში. ჩვენი რესურსების, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებით დავეხმაროთ, რომ საქართველოს უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს ინდოეთის ოკეანესთან. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპულ და აზიურ დაბალანსებულ პოლიტიკას, დაბალანსებულ ვექტორს, რომელსაც შეუძლია, რომ საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს განვითარებისთვის, ასევე დაკავშირებადობის თვალსაზრისით აღმოსავლეთთან, დასავლეთთან, ჩრდილოეთთან და სამხრეთთან“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, რაც შეეხება „3+3“ ფორმატთან დაკავშირებულ შეკითხვას, სეიედ ალი მოჯანის თქმით, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სახის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, აუცილებლად უნდა მომზადდეს პოლიტიკური ნიადაგი.

„3+3 ფორმატი იყო ერთგვარი შესაძლებლობა, რათა დასრულებლიყო კავკასიაში არსებული კონფლიქტები, თუმცა ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პოზიცია 2008 წლის მოვლენების შემდეგ, თუ როგორი პოზიცია შეიმუშავა საქართველომ ამ ფორმატის მიმართ. იმედია, ამ მხრივ საქართველოს პრობლემები, სირთულეები მალე გადაიჭრება. თავის მხრივ, ირანი მზად არის, ყოველთვის ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას რეგიონის ქვეყნებს შორის. იმედია, ამ ფორმატში გვექნება თუნდაც ორმხირივი შეხვედრები ექსპერტთა დონეზე და ამის შემდეგ უკვე მაღალი დონის შეხვედრები შედგება კავკასიის სამი და მეზობელი სამი ქვეყნის ლიდერებს შორის“, – განაცხადა სეიედ ალი მოჯანიმ.