ირანის ელჩი - ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს
ირანის ელჩი - ​ჰორმუზის სრუტე როდესაც დახურულია, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის საჭირო პროდუქციის მიწოდება მისი გავლით მოხდეს

ყველანაირად შევეცდები, რომ ირანსა და საქართველოს შორის საქართველოსთვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, როგორი სახის თანამშრომლობას გეგმავს ირანის საქართველოსთან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ირანელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ თანამშრომლობა და სამომავლო პროგრამები დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, შეჩერდება თუ არ ომი ირანის წინააღმდეგ.

„ირანი 180 დღეზე მეტია, აგრძელებს წინააღმდეგობას და იბრძვის აგრესორების წინააღმდეგ. გუშინ, როდესაც ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის ერთ-ერთ პორტში არსებულ წყლის რეზერვუარზე, ჩვენ ამის შემდეგ საავიაციო თავდასხმები განვახორციელეთ რეგიონის ქვეყნებში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზებზე, ავიაბაზაზე და ისიც ცნობილია, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გამოვიდა მწყობრიდან. ეს ომი თუ გაგრძელდება, საელჩოს შემდგომი მუშაობა გარკვეულწილად დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე. თუმცა, ეს არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის საელჩოს ჩვეულებრივ მუშაობასთან. მე და საელჩოს თანამშრომლები გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურის მიმართულებით თუ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ბატონ პრეზიდენტს როდესაც გადავეცი რწმუნებათა სიგელი, მას განვუცხადე, რა პრიორიტეტები მაქვს დასახული. ეს პრიორიტეტებია: ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ტრანზიტული, სამეცნიერო და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ჩვეულებრივ გაგრძელდება“, – აღნიშნა ალი მოჯანიმ.

ირანის ელჩის განცხადებით, სავაჭრო მიმართულებით არის გარკვეული გამოწვევები, რადგან, სამწუხაროდ, სავაჭრო ბალანსი ორ ქვეყანას შორის არ არის თანაბარი და საქართველოსთვის ყოველთვის უარყოფითია.

„მე ყველანაირად შევეცდები, სავაჭრო ბალანსი თანაბარი გახდეს, რომ საქართველოდანაც ბევრი პროდუქცია შევიდეს ირანულ ბაზარზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გადაზიდვების სფეროში. გასული წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტმა ქართველმა გადამზიდავმა გამოიყენა ირანის ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთების გადასაზიდად. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და ხელს შევუწყობთ, რომ უფრო მეტად იყოს გამოყენებული ირანული პოტენციალი, რათა ქართველმა გადამზიდავებმა უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლონ. საზღვაო გადაზიდვები როდესაც გართულებულია, გამომდინარე უკრაინის ომიდან, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობა, ასევე, სპარსეთის ყურე და ჰორმუზის სრუტე, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სახმელეთო გადაზიდვები. ამ მხრივ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ხელი შევუწყოთ სახმელეთო გადაზიდვების განვითარებას“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.

სეიედ ალი მოჯანიმ ასევე ისაუბრა ახალი დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, რაც გამოიკვეთა, არის ინდოეთის მიმართულება. შექმნილია სამმხრივი სამუშაო ჯგუფი: ინდოეთი, ირანი, სომხეთი და ეს სამუშაო ჯგუფი მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ამ ჯგუფის მუშაობა საკმაოდ უწყობს ხელს სომხეთის ეკონომიკის განვითარებას. ინდოეთი არის ძალიან დიდი, ერთ მილიარდიანი ბაზარი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 40-მილიონიანი ერაყი, რომელიც მალე, შესაძლოა, 80 მილიონი გახდეს და ირანული 95-მილიონიანი ბაზარი. შესაბამისად, როდესაც ჰორმუზის სრუტე არის დახურული, სპარსეთის ყურის ქვეყნებს სხვა ალტერნატიული გზები თითქმის არ აქვთ, რომ მათთვის საჭირო პროდუქცია მიიღონ. ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს, რომ მისი გავლით მოხდეს მათთვის ტვირთების მიწოდება. ასე რომ, მომდევნო 180 დღე, შეიძლება ითქვას, ძალიან დატვირთული გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსის გათანაბრებისთვის“, – აღნიშნა ირანის ელჩმა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ირანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რატომ არ დავუჭირეთ მხარი გაერო-ს რეზოლუციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კენჭისყრაში საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე მხარის არდაჭერა. არის, ასე ვთქვათ, ნაცვალგების პრინციპი. საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციებზე კენჭისყრაში არ მონაწილეობს და ანალოგიურად, ამ კენჭისყრის დროს ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ სხვადასხვა დროს აფხაზეთიდან და სხვა რეგიონიდან ქართველ ლტოლვილებს ყოველთვის დავეხმარეთ“, – განაცხადა ირანის ელჩმა.