ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს ვენაში შეხვედრა გაიმართება
ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს ვენაში შეხვედრა გაიმართება

ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს ვენაში შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც ცნობილია, კომისიაში მონაწილეობას ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები მიიღებენ. კომისიას ევროპულ საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივანი, ჰელგა-მარია შმიდი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის მიერ განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს დიპლომატები ირანის ბირთვულ შეთანხმებას და დოკუმენტის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.

ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, გერმანიის, ევროკავშირისა და ირანის ლიდერებმა მოაწერეს.

შეთანხმება ირანის მხრიდან ურანით გამდიდრების სფეროში გარკვეულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ კი დასავლურ სახელმწიფოებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოეხსნათ.

2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ცოტა ხნის წინ ირანში განაცხადეს, რომ დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები მის პირობებს არ ასრულებენ, ამიტომ ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირობებს თავადაც გვერდს აუვლიან.