ირანის არმიის ხელმძღვანელი – ირანის შეიარაღებული ძალები სრულად არის მზად ასიმეტრიული ომისთვის

20:02, 22.10.2026

ირანის შეიარაღებული ძალები სრულად არის მზად ასიმეტრიული ომისთვის, – ამის შესახებ ირანის არმიის ხელმძღვანელმა, ამირ ჰათამიმ განაცხადა.

ჰათამიმ ხაზი გაუსვა არმიის მზადყოფნის ამჟამინდელ დონესა და მისი ძალების ოპერატიულ მოქნილობას და აღნიშნა, რომ უპილოტო შეიარაღებამ – დაწყებული საჰაერო და საზღვაო დრონებით, დამთავრებული მიკროდრონებით – გამოყენების გაცილებით ფართო სპექტრი შეიძინა და ირანის თავდაცვით სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

არმიის მიერ დრონების, კერძოდ კი, „არაშის“ სერიის განვითარების სტრატეგიის განხილვისას, ირანელმა სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სისტემებზეა გათვლილი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ძლიერი პოზიციები „ასიმეტრიულ ომში“.

ირანის არმიის ოთხივე შტოს მზადყოფნის ხაზგასმით, ირანის არმიის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინა ასიმეტრიულ ომში მათ ისეთი აღჭურვილობა გამოიყენეს, რომელმაც მტერი მოუმზადებელ მდგომარეობაში ჩააგდო და მძიმე დარტყმები მიაყენა.

ამირ ჰათამიმ განაცხადა, რომ ირანის არმია ამჟამად უკეთეს მდგომარეობაშია როგორც აღჭურვილობის რაოდენობის, ისე ხარისხის თვალსაზრისით, რაც ასეთი კონფლიქტისთვის არის საჭირო.

მან აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებს გააზრებული აქვთ, როგორ იმოქმედებს მტერი და მზად არიან, საპასუხო ზომები მიიღონ იმავე მიმართულებებიდან და იმავე საშუალებების გამოყენებით, რომლებსაც, შესაძლოა, თავად მტერმა მიმართოს.

მსგავსი