ირანი საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს – საუდის არაბეთმა იემენში „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული აეროპორტი დაბომბა
საუდის არაბეთმა იემენში „ჰუსიტი“ ამბოხებულების მიერ დაკავებული აეროპორტი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაინიუსი“ თავად დაჯგუფებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა მოხდა ქალაქ მოქას აეროპორტზე, რომელიც „ჰუსიტებმა“ 10 სექტემბერს დაიკავეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ირანი საუდის არაბეთსა და „ჰუსიტებს“ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ოფიციალურმა თეირანმა საუდის არაბეთს მოუწოდა, შეწყვიტოს „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული პორტებისა და აეროპორტების ბლოკადა.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰუსიტებმა“ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარე საპორტო ქალაქი დუბაბი დაიკავეს. მედიის ცნობით, ისინი უკვე უახლოვდებიან სრუტის გასწვრივ მდებარე სანაპირო ქალაქებზე სრულ კონტროლს და ცდილობენ, იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო ზოლი ხელში ჩაიგდონ.
8 სექტემბერს იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ, მოკავშირეებთან ერთად, დაჯგუფება „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიში მიიტანა.
ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს.