ირანი სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ „სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ყოფნა აშშ-ის პირდაპირ მხარდაჭერად ჩაითვლება“
ირანი სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში „ნებისმიერი ოპერატიული მონაწილეობა ან სამხედრო ყოფნა აშშ-ის პირდაპირ მხარდაჭერად ჩაითვლება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ აღნიშნა, რომ ირანისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობები 64 წელზე მეტს ითვლის და ყოველთვის ურთიერთპატივისცემაზე იყო დაფუძნებული.
ბაღაის თქმით, ირანი დიდად აფასებს სამხრეთ კორეასთან მეგობრულ კავშირებს, თუმცა, მისი განმარტებით, „ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც ირანელი ერი თავს იცავს აგრესიული ქმედებებისგან და გადამწყვეტად რეაგირებს აშშ-ის მიერ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებზე, სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სხვა მხარეების ნებისმიერი ოპერატიული მონაწილეობა ან სამხედრო ყოფნა აგრესორი მხარის პირდაპირ მხარდაჭერად ჩაითვლება და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“.
„არცერთი სუვერენული და პასუხისმგებლიანი მთავრობა არ ემორჩილება აშშ-ის ზეწოლას და იძულებას, რათა მონაწილეობა მიიღოს დიდი ირანელი ერის წინააღმდეგ აგრესიულ და საზარელ ქმედებებში“, – აღნიშნა ისმაილ ბაღაიმ.