ირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეიედ აბას არაგჩიმ ერევანში სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ირანის პოზიცია უცვლელია და თეირანი პატივს სცემს ქვეყნების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და რომ დაუშვებლად მიიჩნევს არსებული, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებას.
არაგჩიმ აღნიშნა, რომ ყველა რეგიონული პრობლემა უნდა გადაწყდეს დიპლომატიის გზით, ძალის გამოყენების გარეშე, რეგიონის ქვეყნების ძალისხმევით. მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
სიტუაციის ესკალაციის საფრთხის შესახებ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა აღნიშნა: „იმედი გვაქვს, რომ არსებული პრობლემები მალე გადაწყდება და დოკუმენტს ხელი მოეწერება. ესკალაციის რისკი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, ჩვენ კი სტაბილურობის მოწმენი გავხდებით, რაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარეობს“.