ირანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას გეგმავს
ირანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას გეგმავს

ირანი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, ირანელებმა ჯანმრთელობასა და სამსახურს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთონ.

როუჰანის თქმით, 11 აპრილიდან ირანი სოციალური დისტანცირების გარკვეულ ზომებს გააუქმებს და მცირე რისკის მქონე ბიზნესს საქმიანობის განახლების უფლებას მისცემს.

„ავის მოსურნეები და რევოლუციის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი მათ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორის, თუმცა ეს სრული სიცრუეა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის, წარმოებისა და ჯანდაცვის პროტოკოლის თანაარსებობა შესაძლებელია. შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება თეირანის პროვინციას, რომელიც ირანში ეპიდემიის ეპიცენტრია.

ირანში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 151 ადამიანი გარდაიცვალა. სულ მსხვერპლთა რიცხვი 3 603-ს შეადგენს. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 58 226 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 483 ბოლო ერთ დღეში.