ირანი აპირებს, გაააქტიუროს რამდენიმე ათასი შიდა წარმოების მოწინავე ცენტრიფუგა გაერო-ს ბირთვული სააგენტოს მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის საპასუხოდ
ირანი აპირებს, გაააქტიუროს რამდენიმე ათასი შიდა წარმოების მოწინავე ცენტრიფუგა გაერო-ს ბირთვული სააგენტოს მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკა ისლამური რესპუბლიკის მიმართ კონფრონტაციულად მიაჩნია და მათ მიდგომას დაუსაბუთებელი და არაკონსტრუქციული უწოდა.
აბას არაღჩის განცხადებით, დასავლეთს სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო საკითხთან, როგორიცაა ირანის ბირთვული ენერგიის პროგრამა, უფრო რეალისტური და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისი მიდგომა უნდა ჰქონდეს. „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს ირანს ბირთვულ საკითხზე თანამშრომლობის ნაკლებობის გამო. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ტექსტი 35-დან 19-მა ქვეყანამ მოიწონა. წინააღმდეგი იყვნენ რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა ფასო, ხოლო 12-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. რეზოლუცია ავალდებულებს სააგენტოს, 2025 წლის გაზაფხულისთვის ირანის შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიში მოამზადოს.