ირანელი გენერლის მკვლელობის წლისთავზე ერაყში ანტიამერიკული აქცია გაიმართა
ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წლისთავზე ერაყში ათი ათასობით ადამიანი ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბაღდადის ცენტრში ირანისგან მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ შურისძიებას ითხოვდნენ.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური სამხედრო დანაყოფის, „ყუდსის“ ძალების მეთაური ყასემ სოლეიმანი, ერაყის შიიტური მილიციის ხელმძღვანელ აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისთან ერთად, ბაღდადის აეროპორტში 2020 წლის 3 იანვარს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვის შედეგად მოკლეს. აშშ-ში ამტკიცებდნენ, რომ რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს სწორედ სოლეიმანის ხელმძღვანელობით გეგმავდნენ.