2017 წელს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე აღმოჩნდა
2017 წელს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე აღმოჩნდა

ირან-ერაყის საზღვარზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. დაშავებულია 6650-ზე მეტი ადამიანი. ასობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, მხოლოდ ირანში სტიქიას 395 ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი ადამიანი დაიღუპა საზღვრის ერაყის მხარეს.

ამგვარად, მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით, წუხელ მომხდარი მიწისძვრა 2017 წელს ყველაზე დამანგრეველი და მასშტაბური გახდა. სექტემბერში მექსიკაში დაფიქსირებულ მიწისქვეშა ბიძგებს 369 ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ერაყში, ირანის საზღვართან, ქურთისტანის რეგიონის ქალაქ ჰალაბჯასთან მდებარეობდა.