ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - ნუ იქნებით მე-5 კოლონა, თქვით, რომ რა განცხადებაც გააკეთა უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, მიუღებელია
ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - ნუ იქნებით მე-5 კოლონა, თქვით, რომ რა განცხადებაც გააკეთა უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, მიუღებელია

ნუ იქნებით მე-5 კოლონა და აღარ დაგიძახებენ, გამოდით და თქვით, რომ ის, რა განცხადებაც გააკეთა უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, მიუღებელია. არც ერთს არ დაგცდენიათ, აქ გამოდიხართ და საქართველოს სიყვარულზე მელაპარაკებით, საკმარისია, ეს გამოიარა საქართველომ 2008 წელს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ზარქუას თქმით, საქართველო განვითარებაზეა ორიენტირებული და ოპოზიციას მოუწოდა, აღნიშნული საქმის კეთებაში დაეხმარონ მთავრობას.

„ბატონი ვაშაძე ამბობდა, მშვიდობა და ერთიანობაო. დიახ, გეთანხმებით ბატონო გიორგი, არა ომს, რისი რიტორიკაც ბოლო მთელი ერთი კვირის, ბოლო თვეების განმავლობაში იყო საქართველოში, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ეს დადასტურდა უკრაინის მაღალჩინოსნის მხრიდან. მოგეწონათ?! რომელიმე გამოხვედით და თქვით, მიუღებელია ეს განცხადებაო?! მივმართავ რადიკალურ ოპოზიციას, რომ გიყვართ ხოლმე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, მაგრამ ქართველი დედების ხარჯზე განეიტრალება ამ პროცედურის, ამ ომის, ამ უბედურების? თქვენ ხმა არ ამოგიღიათ. არ ხართ გულწრფელები და იმიტომ. ერთიანობაზე მოგვიწოდებდით ჩვენ და გუშინ, რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, მე იმისთვის ვარ ჩამოსული, დადგა ის დრო, სადაც ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო. აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე?! ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი ეს რომ გააკეთო და მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომ ხარ ჭიჭე ვაშაძე და ასე იქნები ბოლომდე. სხვებსაც მივმართავ, რომელიმემ თქვით, რომ დასაგმობია ის, რაც ბელადმა განაცხადა, თუ ემხრობით? გამოდით და თქვით მაშინ, რატომ გეძახით ომის პარტიას“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა და მოუწოდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ბულინგს თავი დაანებოს.

„ხაბეიშვილს მინდა მივმართო კიდევ ერთხელ, ჩემი მეგობრული რჩევაა, შეეშვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ბულინგს და ასე მოხსენიებას. ბოლო გაფრთხილებაა ეს. ჩვენ არ შეურაცხვყობთ თქვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ის, ვინც ხართ მოკალათებული პოლიტიკაში, თქვენ გაქვთ მეტი პასუხისმგებლობა. რუსეთის ინტერესების გამტარებელს, ჩამოგითვლით, ვინ გაატარა და მერე თქვით, ვინ არის რუსეთუმე. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, 20% ვინ ჩააბარა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს ვინ ჩააბარა. აგერაა რომან გოცირიძე და ჰკითხეთ, რას ნიშნავს მაგ ობიექტების გადაცემა რუსებისთვის. ომიდან ცოტა ხანში, ორ წელში ვინ გაუხსნა უვიზო მიმოსვლა რუსებს, „ვეტეოში“ ვინ დაუჭირა მხარი რუსებს, ჩვენი ხმა იყო გადამწყვეტი. ვის უყვარდა ქვეყანა. დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება სასამართლომ და 20 მილიონით დააჯარიმა თქვენი თავდაცვის მინისტრი, ჯარს რომ ფული მოპარა იმიტომ. ეს არის რუსეთუმეობა, რასაც თქვენ ღირსეულად აკეთებთ და აკეთებდით“, – განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ქვეყანა დასავლეთს მეტად დაუახლოვდა.

„ჩვენი პოლიტიკა ის იყო, რომ ჩვენ მოსვლიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ჩვენ ევროკავშირის ბაზარი ჩვენს ბიზნესს გავუხსენით. ჩვენ შევძელით ის, რომ ნატო ყველაზე უფრო ახლოს არის ჩვენთან და უამრავი ერთობლივი პროგრამაა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ რასმუსენმა თქვა, დიახ, საქართველო დღეს მზად არის ნატო-სთვის. ამიტომ, ფაქტები არის ფაქტები. ვერ გაექცევით, როგორც არ უნდა შეალამაზოთ შენ და შენმა ბელადმა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ერთიანობა ნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. ნუ იქნებით მე-5 კოლონა და აღარ დაგიძახებენ მერე. გამოდით და თქვით, რომ ის, რა განცხადებაც გააკეთა უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, მიუღებელია. არც ერთს არ დაგცდენიათ, აქ გამოდიხართ და საქართველოს სიყვარულზე მელაპარაკებით. საკმარისია, ეს გამოიარა საქართველომ 2008 წელს. ჩვენს დედებს ჩააცვეს უკვე შავები რუსებმა, მეტი აღარ გვჭირდება. ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული და თუ შეგწევთ ძალა, ამაში შემოგვეხიდეთ, გვერდში დაგვიდექით. თუ არადა, ჩუმად იყავით. მე მინდა ბატონ კირკიტაძეს გამოვეხმაურო. დიახ, კირკიტ ძმაო ძალიან რთულია, ყველას გვესმის და ვინმეს ურტყამს მაღალი ინფლაცია, საწვავი გაზრდილი, ეს არის მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ეს არის მსოფლიო მოვლენა. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ“, – განაცხადა ზარქუამ.