ირაკლი ზარქუამ მედიის წარმომადგენლებს მიმართა - თუ არის შესაძლებლობა, დროებით ჩამოვხსნათ ბანერი და მოვუსმინოთ მინისტრს, პროტესტის გამოხატვას არავინ გიშლით
ირაკლი ზარქუამ მედიის წარმომადგენლებს მიმართა - თუ არის შესაძლებლობა, დროებით ჩამოვხსნათ ბანერი და მოვუსმინოთ მინისტრს, პროტესტის გამოხატვას არავინ გიშლით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მივიდა და ვერვინ იტყვის, რომ ის კითხვებს გაურბის.

„არის თხოვნა, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ. მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვერავინ იტყვის, რომ ვიღაცა იმალება და არ მოვიდა. სამართლიანად, ყველას გვექნება შესაძლებლობა, რომ კითხვები დავსვათ და თქვენც მოისმინოთ, შეფასებაც გავაკეთოთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, ის, რაც 5 ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტებთან მიმართებაში მოხდა, ყველასთვის მიუღებელია.

„ეს იყო ცალსახად ის აქტი, რომელმაც დააზარალა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება და მმართველი პარტია. რაც მოხდა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ვერავინ იტყვის, რომ დაემალა ან ვინმეს გაურბის. თქვენც მოგეცემათ შესაძლებლობა, შეაფასოთ, რამდენად სამართლიანი პასუხები იყო, თუ არ იყო. თუ არის შესაძლებლობა, დროებით ჩამოვხსნათ ეს ბანერი და გავაგრძელოთ, მოვუსმინოთ, თქვენ არავინ გიშლით, რომ პროტესტი გამოხატოთ.

20-მდე ადამიანი არის დაჭერილი, ყოველდღიურად ხდება შესწავლა, არ არის ის დრო, ჰარი ჰარალეზე რომ იჭერდნენ მტკიცებულების გარეშე. თუ გინდათ, რომ გავაგრძელოთ და ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ, რომ თქვენ მოგეცეთ პასუხების მიღების საშუალება.

მეც მაქვს კითხვა და უნდა დავუსვა, პირველში, სამში, 6-ში თუ დავიცავით ჟურნალისტები რატომ ვერ მოხდა 5 ივლისს, მათ შორის მწვავე კითვები ექნება კოლეგებს და, მოდით, მივუსმინოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი