ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი
ირაკლი ზარქუამ ლევან ხაბეიშვილს მიმართა - წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი

წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს სხდომაზე.

სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დაპირებები არ სრულდება.

„დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ 550 ავტობუსი შემოვა წლის ბოლომდე. სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ვიყავი, დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, ნამდვილად შემოვა თუ არა. ვხედავთ, რომ ყველა მთავრობის სხდომაზე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. თბილისში 16 ათასი ტაქსი გადაადგილდება მაშინ, როდესაც 32 ათასი ტაქსი იყო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სარგებლობდა ტაქსით და მოუწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა. ამ დროს მეტროში მძიმე მდგომარეობაა. მოგიწოდებთ საკრებულოს დეპუტატებს, ჩავიდეთ მეტროში და გავჩერდეთ ერთი საათის განმავლობაში. ვნახოთ, რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი დეპუტატი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის „კომედი შოუს მსახიობია“.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით სიუჟეტებს პარტიულ ტელევიზიაზე, სადაც ხან თხრილში იჯდა ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი და იქედან მონოლოგს ჰყვებოდა. სხვათა შორის, გუშინ დარეკეს „ბოლივუდიდან“ და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი, მესამე ხარისხის. ეს ხარ შენ, მეტი არაფერი. ამას შენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ. საზოგადოებას ტყუილში ამყოფებ. არ გაგივა ეს მასხრობები და ვიღაცამ უნდა გითხრას. ჩვეულებრივი „კომედი შოუს“ მსახიობი ხარ“, – განაცხადა ზარქუამ.

დატოვე კომენტარი