ირაკლი ზარქუა - ვეკითხები ჭიჭე ვაშაძეს, რატომ შეცვალეთ თქვენი საპარლამენტო ჯგუფის სახელი, თუ ასე ეტრფოდით მიშელს და მის შემოქმედებას
ირაკლი ზარქუა - ვეკითხები ჭიჭე ვაშაძეს, რატომ შეცვალეთ თქვენი საპარლამენტო ჯგუფის სახელი, თუ ასე ეტრფოდით მიშელს და მის შემოქმედებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ დღევანდელ განცხადებას, რომლითაც  „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ საფუძველი არ იქნება, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს.

ზარქუას თქმით, შეუძლებელია, ევროკომისიამ საქართველო სამართლიანად არ შეაფასოს.

„ამ ხელმოცარულების გაერთიანებას რაც შეეხება, ჭიჭე ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და მესამე „დროას“ ლიდერი, რომელიც რუსული ფულით ფინანსდება, ბინებს ყიდულობს და აქეთ საქართველოს ომისკენ მოუწოდებს. ეს ე.წ. ტრიო საუნჯე, რომლებიც არიან ხელმოცარულები, გაერთიანდნენ. ცალ-ცალკე რა იყვნენ და ახლა გაერთიანებით მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ესენი, რომ შემდეგ რეკომენდაციას მოგცემენ. 31 კითხვის თუ რაღაც ჩამონათვალია, კითხვები იწყება, რატომ დატოვეთ მიშელის ხელშეკრულება და რატომ არ გაითვალისწინეთო. ისევ წარსულში ჩარჩნენ, რა დროს მიშელის დოკუმენტის ხსენებაა. 100 დღე ველოდებოდით, ხელი არ მოაწერა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ. შემიძლია, კითხვა დავუსვა ჭიჭე ვაშაძეს, რატომ შეცვალეთ თქვენი საპარლამენტო ჯგუფის სახელი, მიშელის სახელი რომ ერქვა. რატომ გადაარქვით, თუ ასე ეტრფოდით მიშელს და მის შემოქმედებას?

ახლა ჩახვედი ევროპაში, რათა ჩამოგეტანა ინფორმაცია, რომ 2023 წლის ბოლომდე ეს საკითხი არ იქნება განხილული. ხომ გითხარით, ევროკავშირმა და ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს თემას მომავალ წელს განიხილავდნენ. დარწმუნებული ვარ, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ საფუძველი არ ექნება ვინმეს, განსხვავებული გადაწვეტილება მიიღოს, ვიდრე არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს არის სამართლიანობა, სიმართლე და ამას ელოდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, ევროპა არ გაიმეორებს შეცდომას, რაც პირველ შემთხვევაში დაუშვა. შეუძლებელია, კანდიდატის სტატუსს იმსახურებდეს ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით რეიტინგებში ძალიან დაბლაა. მათ შორის ქვეყანა, რომელიც არის დსთ-ეს სივრცის ნაწილი, მათ შორის ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ არის ნეიტრალური.

სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს არის სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დასკვნა. მათ შორის საქართველო მოწინავეა რეფორმების გაფორმების კუთხით. შეუძლებელია, ევროკომისიამ ეს ქვეყანა არ შეაფასოს სამართლიანად და არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამ ხელმოცარულების წყევლისა, ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. რა მარაზმი სჭირთ, როგორ არიან ჩასაფრებული, ოღონდ საქართველომ წაიბორძიკოს, სვავებივით არიან. არ გამოგივათ. ჭიჭე ვაშაძე ახლა, როგორც მაშინ, ფანჯრის რაფიდან ელაპარაკებოდი, გადაცემაშიც კი არ მიგიწვიეს, იმდენად უინტერესო ხარ ევროპისთვის. კუბილიუსებს რომ შეხვდები და მარგარიტას და რასას. ამის გამო ნუ შეწუხდები და ნუ ატყუებ გუნდის წევრებს. ის, რომ ჩვეულებრივი ლაქია ხარ, შენმა გუნდის წევრმაც გაგშიფრა და აქუბარდიამ დაგტოვათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს. 31 კითხვიდან ერთ-ერთი ეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, თუ რატომ არ უბრუნდება „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას.