ირაკლი ზარქუა - USAID-ში ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მოგონილი თემების ტირაჟირებით, ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან
ირაკლი ზარქუა - USAID-ში ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მოგონილი თემების ტირაჟირებით, ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით.

მისივე თქმით, სააგენტო ეკა გიგაურის არასწორ დასკვნებს ეყრდნობა.

„საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მივმართავ, USAID არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთელ რიგ რეფორმებში გვერდით უდგას. იქ ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით. კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 2012 წლამდე 70-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ 31-ე ადგილზე ვართ. მეტიც, 200 სახელმწიფოს შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო პირველ ადგილზეა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორ შეიძლება, ასეთი ქვეყანა იყოს კორუფციის მორევში, როგორც ეს ახლა ითქვა. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არასწორ დასკვნებს – ქალბატონ ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან. იმ გიგაურის, რომელიც ვანო მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი იყო. ქალბატონ კელი დეგნანს მივმართავ, როცა USAID ამ ადამიანის დასკვნებით გამოდის, გაგვიჭირდება საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ აშშ და ამერიკული ორგანიზაციები სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან. USAID შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით, „დეკლეპტოკრატიზაციის სახელმძღვანელო“. დოკუმენტის მიხედვით, „კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ აანალიზებს USAID-ის პარტნიორი შესაძლებლობების ფანჯრის დახურვას, არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მუშაობა. იმის ფონზე, რომ ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კვლევა სწავლობდა კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესებს რუსეთში“.