ირაკლი ზარქუა - ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ
ირაკლი ზარქუა - ტყუილია, ვინმეს თუ ჰგონია, სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ

მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, ტირანიის გამო ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას და საზოგადოება შემოირიგონ.

„მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს – მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში იყო ჩართული, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ეს ტყუილია. შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ. პატიმარ სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, რაღაც სექტა, გარკვეული ჯგუფი რომ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამიტომ არის ქუჩებში ასკაციანი რაზმებით რომ დარბიან და არა მრავალრიცხოვანით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.