ირაკლი ზარქუა - სწორედ „ფარა“-ს კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ
ირაკლი ზარქუა - სწორედ „ფარა“-ს კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ

სწორედ „ფარა“-ს კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმრავლესობა ვამბობდით, რომ იმ ევროპარლამენტარების ის ნარატივი, მიღებული ორი რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი იყო დაფინანსებული სააკაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან. ამას ცხადად, არგუმენტებით ვამბობდით და წინა კვირას გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კანონმა, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს, ეს არის „ფარა“-ს კანონი, ამხილა ისინი. სადაც ჩანაწერია, თურმე ამ ევროპარლამენტარებს, ამ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, რაისას და ა.შ საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს უწერდნენ ეს ლობისტური კომპანიები, რომლებიც მილიონობით ფულს იღებდნენ სააკაშვილის ოჯახისგან. კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია. ამიტომ ვამბობდით, რომ ესენი არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პარტიის მეგობრები იყვნენ, ეს რაღაც ვიწრო წრეა ევროპარლამენტარების, და არამხოლოდ ევროპარლამენტარების, მთელი სქემაა. სააკაშვილმა რაც ძარცვა ეს ქვეყანა და მერე უკრაინა, ამ ნაძარცვი ფულით ხდება შემდეგ დაფინანსება სწორედ ამ ლობისტური ხასიათის კამპანიის“, – განაცხადა ზაქრუამ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა, „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შესახებ მორიგი დოკუმენტაცია, რომელიც უცხოური მედიისთვის მომზადებულ მასალებს ეხება.