ირაკლი ზარქუა - სტრასბურგში მილოშევიჩმაც უჩივლა სამხედრო ტრიბუნალს და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, მაგრამ ყველამ იცის, რა განაჩენი დადგა მილოშევიჩის წინააღმდეგ
ირაკლი ზარქუა - სტრასბურგში მილოშევიჩმაც უჩივლა სამხედრო ტრიბუნალს და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, მაგრამ ყველამ იცის, რა განაჩენი დადგა მილოშევიჩის წინააღმდეგ

ბოლო დღეებია, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება კიდევ შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს სტრასბურგში თურმე სარჩელი შეაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, სარჩელი შეიტანეს უგულავასი ცალკე, სააკაშვილის ცალკე და ნიკანორ მელია დაემატა ახლა, ცდილობენ, საზოგადოებას შეასაღონ, რომ ეს არის უგულავა-„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სააკაშვილი-„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სინამდვილეში საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს არის დავა უგულავა-საქართველოს წინააღმდეგ.

„ხომ იცით, უგულავა რომელია? 48 მილიონის მოპარვა რომ დავუმტკიცეთ. სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდე, ესეც ხომ იცით, რომელ თემებზეა? მათ შორის გირგვლიანის მკვლელები რომ შეიწყალა. ამ თემაზე აქვს პრეტენზია, მე რა შუაში ვარო. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, სადაც ყველა უწყება იყო ჩართული. მეორე თემა არის კოლეგა პარლამენტარ გელაშვილის ცემაზე – მე რა შუაში ვარო, თურმე ნიღბიანებს მოეპრიანათ და სცემეს. ნიკანორ მელია, ჰოი საოცრება, საქართველოს წინააღმდეგ, მე რა შუაში ვარ აქო. ხალხი რომ მიაგდო, ჯერ მოუწოდა შევარდითო და გვერდზე გადგა – აი, ამ თემებზეა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, სტრასბურგში სარჩელი კი არ მიიღეს, არამედ მცდელობა აქვთ, რეგისტრაციაში გაატარონ და უბრალოდ ითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, რომ კონკრეტულად, რა არგუმენტები იყო. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, წლები ზუსტად არ მახსოვს, 2000-იან წლებში, მათ შორის მილოშევიჩმაც სამხედრო ტრიბუნალს უჩივლა სტრასბურგში და თქვა, ჩემი უფლებები დაირღვაო, შემდეგ იცით, ერთ წელიწადში რა განაჩენი დადგა მილოშევიჩის წინააღმდეგ და მსოფლიო საზოგადოებამ რა განაჩენი გამოუტანა. შეეშვან ამ ბაქი-ბუქობას. ბატონ ფრიდონს და ბატონ ელისაშვილს მივმართავ, თქვენ შორის რომ არის ახლა ცარიელი, თავისუფალი ადგილი, იქ იქნებიან ცოტა ხანში ჩამწკრივებული ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სულ მოკლე პერიოდში, ის ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ ვერ დამიჭერ და გირაოსაც არ გადავიხდითო, შემდეგ დაიჭირეს და აქეთ მათხოვრობდნენ, რამენაირად გირაო შემახეთ, ევროპულიო. ამნისტიასაც მოაწერენ ხელს, აქ შემოცუნცულდებიან და დასხდებიან სწორედ იმ თავისუფალ ადგილას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.