ირაკლი ზარქუა - შერიგების თემა იმაზე თუ გადის, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია
ირაკლი ზარქუა - შერიგების თემა იმაზე თუ გადის, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია

შერიგების თემა თუ გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია, ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს.

„ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობასა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის, რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც შერიგების სამართლიანი დეფინიცია. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში, მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.

მისივე განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობასთან მმართველ პარტიას კი არ სჭირდება შერიგება, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, დანაშაულები იყო ჩადენილი და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის აღიარება არ უნდა.

„ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან შერიგება „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იქნა ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ: თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზარქუამ.