ირაკლი ზარქუა - სენატორი შაჰინი და გარკვეული ევროპელი ჩინოვნიკები სააკაშვილის თემაზე ორკესტრირებულად უტევდნენ სახელმწიფოს, აღმოჩნდა, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ახლაც იგივე ხდება
ირაკლი ზარქუა - სენატორი შაჰინი და გარკვეული ევროპელი ჩინოვნიკები სააკაშვილის თემაზე ორკესტრირებულად უტევდნენ სახელმწიფოს, აღმოჩნდა, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ახლაც იგივე ხდება

მადლობა ქალბატონ შაჰინს, რომ ჩვენს ქვეყანაზე ისევ ზრუნავს, მაგრამ მახსოვს, სააკაშვილის თემაზე ის და დანარჩენი ევროპელი ჩინოვნიკები როგორ ორკესტრირებულად უტევდნენ საქართველოს და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი იყო და მისი სასწრაფოდ გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, რადგან წამლავდნენ და კლავდნენ, ბოლოს თქვეს, დემენცია აქვსო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფრის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი ღირსეულად მიიღო.

„ახლა იციან, სააკაშვილი როგორ არის? თავის გუნდს ხელმძღვანელობს, ლიდერობს, მესიჯებს უწერს. თურმე არც დემენცია აქვს და არც არავის მოუკლავს. ჯანმრთელად არის, კვება დაიწყო. ისინი კი ორკესტრირებულად საქართველოს უტევდნენ და ამბობდნენ, რომ უსამართლო ქვეყანა არ იმსახურებდა ევროკავშირს, კანდიდატის სტატუსს. სტატუსი ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღეთ. კითხვა მაქვს, მაშინ, შეცდომაში შეიყვანეს ქალბატონი სენატორი და ამიტომ ჰქონდა ეს პოზიცია თუ საქართველოს შეგნებულად მტრობდნენ, როცა ბრალს სდებდნენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში? ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ გააქარწყლა და თქვა, არც მოწამლულია და სამართლიანად ზისო. ახლა როგორ ვქნათ, ქალბატონო შაჰინ? თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გადაღმაა, მშვიდობიანად ცხოვრობთ, ჩვენი ქვეყანა პატარაა თავისი გეოგრაფიული არეალიდან და ბევრი სახელმწიფოს ინტერესების კვეთაშია, მათ შორის ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, ყველას მისი ინტერესი აქვს. ამიტომ ქვეყნის დაცვა გვჭირდება. რომ დავიცვათ, უნდა ვიცოდეთ, გავლენის ფონზე ვინ და რა მიზნით ფინანსდება. ჩვენ ვართ ღირებულებების გამზიარებელი, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას, თანასწორ ვაჭრობას, ყველაფერში მივყვებით, რაც ევროპულ ღირებულებებს მოიცავს. სააკაშვილის თემაზე უტევდნენ ორკესტრირებულად სახელმწიფოს და აღმოჩნდა, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი. ახლაც იგივე ხდება“, – განაცხადა ზარქუამ.