ირაკლი ზარქუა - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას ჩვენ მივაღწევთ
ირაკლი ზარქუა - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას ჩვენ მივაღწევთ

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას ჩვენ მივაღწევთ, ეს იცოდეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგებს პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოხსენებით წარდგა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ევროკომისიის პირველი პუნქტი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, პირველივე დღეს დაარღვია.

„იმ რეკომენდაციების გარდა, ჩვენ ევროკომისიამ გვთხოვა დეპოლარიზაცია. ჩვენ აქ ვნახეთ, როგორ ესმით ეს. პირველი პუნქტი პირველივე დღეს დაარღვიეს. ქალბატონო ხატია, სულ ტყუილად ცდილობთ რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ. იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იყო და ამის დემონსტრირება იყო, პლაკატიც რომ არ აგატანინეს მოედანზე და მიკროფონიც კი არ მოგცეს. თქვენ ერთი საათი ვერ აგიტანიათ სიმართლე და ემუქრებით პრემიერს, მთავრობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ცხადად უნდა ითქვას, 24 ივნისი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ორი, რომ რევოლუციაში გადაიყვანოს პროცესი, რაც არ გამოგივათ. გამორიცხულია, რადგან მხარდამჭერებიც კი არ გყავთ. ორი დღის წინ პრემიერმა ახსენა პუტინი და თქვა – მე არ მაქვს კონტაქტი პუტინთან, მე მაქვს ურთიერთობა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რომ მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ისინი. რა თქვა არასწორი პრემიერმა? სტრატეგიული ობიექტები – ხრამი 1, ხრამი 2, თბოელექტროსადგური, „თელასი“, „ჯივიპი“ არ გადაეცით რუსებს? „ვნეშტორგ ბანკი“ არ შემოიყვანა სააკაშვილმა, რუსეთის პირდაპირი მეგობარი? „ბილაინი“ არ შემოიყვანეთ თქვენ? ომის შემდეგ ცალმხრივად უვიზო მიმოსვლა არ დაუწესეთ რუსეთს? არ გახსოვთ მართლა? დაგუგლეთ იქ არის ეს ყველაფერი. რეზოლუციას ხომ მოაწერეთ ხელი, სადაც ჩვენს გმირ ბიჭებს ომის დაწყება დააბრალეთ. ამიტომაც არის, რომ არ გაქვთ მხარდაჭერა და ცდილობთ რევოლუციური გზით იქნებ გადაკეტოთ გზები, ახალგაზრდები აიყოლიოთ, მაგრამ ახალგაზრდებმა უარი გითხრეს და ბანერი ჩამოგიგდეს. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას მივაღწევთ, ეს იცოდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.