ირაკლი ზარქუა - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა, დარწმუნებული ვარ, დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელს
ირაკლი ზარქუა - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა, დარწმუნებული ვარ, დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელს

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მეორე და მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სახალხო დამცველს, დღეს შალვა პაპუაშვილი ხვდება ყველა ოპოზიციურ წარმომადგენელს, მათ შორის რადიკალებს და კიდევ ერთხელ აუხსნის, დაარწმუნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე გახდა.

ამასთან, ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტის ინტერესების გამტარებელს.

„პროცესი მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე გავხადეთ. რაც ძველი მეთოდოლოგია იყო, ის დავტოვეთ და ნებისმიერ ჯგუფს მეტი შესაძლებლობა მივეცით, წარმოადგინოს მათი კანდიდატურა. წინა რეგლამენტით ეს შესაძლებელი არ იყო. უფრო ღია, უფრო გამჭვირვალე გახდა და დარწმუნებული ვარ, დეკემბერში საქართველო აირჩევს სახალხო დამცველს და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს. შალვა პაპუაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „მოქალაქეების“, „გირჩის“, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, ასევე, გიორგი გახარიას გუნდის წევრები. შეხვედრას არ ესწრება მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი აცხადებენ, რომ „ფარსში მონაწილეობა არ სურთ“.