ირაკლი ზარქუა - რუბიო ამბობს, რომ ქვეყნებს დაეხმარებიან, კოსი აცხადებს, მთავრობამ აკრძალვები შემოიტანა, მაგრამ არასამთავრობოთა დაფინანსების გზებს ვეძებთო, ანუ შავ ხვრელებს ეძებს, ესაა განსხვავება
ამერიკის წინა ელჩებისთვის რომ გეკითხა, გეტყოდნენ, ამერიკას საქართველოში სამი მილიარდი აქვს დახარჯულიო. აბა, მოსახლეობას ჰკითხონ, სამი მილიარდიდან რაიმე თუ იგრძნეს? ამ თანხის დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიდიოდა. რატომ? – აგენტურა ჰყავდათ, გადატრიალება მათი საშუალებით ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე, სადაც რუბიომ აღნიშნა: „ჩვენ თუ ვცდილობთ ქვეყნების დახმარებას, დავეხმაროთ ქვეყნებს და არა – არასამთავრობო ორგანიზაციებს“.
„2012 წელს ამერიკის ელჩის სახით გუბერნატორი დაგვხვდა, აკაკუნებდა და ამბობდა, ეს, ის გააკეთეთო. მაშინ ჩვენ სუსტები ვიყავით, რადგან საელჩოდან თავს მოგვახვიეს ე.წ. კოჰაბიტაცია. ამას ვერ ვამბობდით, რადგან მაშინ სახელმწიფო იმდენად სუსტი იყო, ამოგვატრიალებდნენ და ხელისუფლებაში ისევ „ნაცმოძრაობა“ მოვიდოდა. სწორი პოლიტიკით შევძელით, რომ 2020-მდე მოვედით, როცა აგენტურის ჩამოშორება და ქვეყნის მათგან გათავისუფლება დაიწყო. რუბიო ამბობს, რომ სახელმწიფოებს დაეხმარებიან. მარტა კოსი კი აცხადებს, მთავრობამ აკრძალვები შემოიტანა, მაგრამ არასამთავრობოების დაფინანსების გზებს ვეძებთო. ანუ, შავ ხვრელებს ეძებს. ესაა მათ შორის განსხვავება. ამიტომ არის ევროკავშირი ასეთი უსამართლო, როცა ასეთი მიდგომები აქვს. ეს ყველაფერი ბუმერანგივით მოუბრუნდებათ. ზუსტად ვიცი, ეს ლიდერები განსასჯელის სკამზე დასხდებიან, თუ სად გახარჯეს თანხები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.