ირაკლი ზარქუა - რომან გოცირიძემ თქვა, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არ არისო, ეტყობა, თავისი დრო გაახსენდა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო
ირაკლი ზარქუა - რომან გოცირიძემ თქვა, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არ არისო, ეტყობა, თავისი დრო გაახსენდა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩვენი ვერსიიდან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთი პუნქტი მოაცილა და მეორე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპებსა და მიდგომებს იზიარებს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოგვყვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკზე გალაშქრების საფუძველს არავის მისცემენ და მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

„გონივრული ეჭვი მაქვს, რაღაც არაჯანსაღი მიდგომა აქვს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ან სიჯიუტესთან გვაქვს საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვეტო დაიძლევა. არავის მივცემთ საფუძველს, ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს. ეროვნული ბანკი არის მყარი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდეს, ამას პრეზიდენტიც ეთანხმება, რადგან ორი პრინციპიდან ერთს ეთანხმება. რომან გოცირიძემ თქვა, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არ არისო და ეტყობა, თავისი დრო გაახსენდა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.