ირაკლი ზარქუა - რამდენი წელია, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დღემდე უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს, ჯეიმს ო'ბრაიენისგან ველოდებით იმის თქმას, რომ ეს შეცდომა იყო
ირაკლი ზარქუა - რამდენი წელია, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დღემდე უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს, ჯეიმს ო'ბრაიენისგან ველოდებით იმის თქმას, რომ ეს შეცდომა იყო

რამდენი წელია, აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დღემდე უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა, ჯეიმს ო’ბრაიენისგან ველოდებით იმის თქმას, რომ ეს შეცდომა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა, ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სანქცირებული ჰყავთ, სამართლიანად არ ჰქონდა ამ შეხვედრის სურვილი.

„ფაქტობრივად, არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია 2022 წლიდან, როდესაც ჩვენ უარი ვუთხარით „გლობალური ომის პარტიას“ ომში ჩართვაზე. უკრაინა, მისი მაღალჩინოსნები როგორ ცდილობდნენ, ომში ჩავრთულიყავით, ასევე უსამშობლოების მეგობრები ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ არ ჩავერთეთ. ამის გამო ეს ადამიანი დასაჯეს და თავისი პირადი ანგარიშები გაუყინეს და წვდომა არ აქვს. ორ მილიარდ დოლარზე მეტია გაყინული. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ გატყდა და ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგა, რისკენაც მოუწოდებდნენ. რაც შეეხება ვიზიტს, კი იყო მცდელობა, რომ შეხვედროდა, მაგრამ როგორ შეიძლება, ელაპარაკო? კაცი სანქცირებული ჰყავს და თან აქ სავაჭრო თემა გაუხადო, არა. ამის არც სურვილი აქვს იმ ადამიანს და სამართლიანადაც არ აქვს. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორისგან ველოდებით იმის თქმას, რომ ამ წლების განმავლობაში, სადაც ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ სხვადასხვა მისიაში საერთაშორისო მშვიდობისთვის ვიბრძოდით, მათ შორის, ყველა რეფორმით, რამდენი წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და დღემდე უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა. ნუთუ რა უნდა ქნას და რა უნდა დააშავოს სამმილიონიანმა ერმა, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს? ველოდებით, რომ იტყვის, ეს აქამდე შეცდომა იყო და მოდი, გადავხედოთ ამ პოლიტიკას და უფრო მჭიდრო კავშირი გვქონდეს. პარტნიორული ურთიერთობები ამას გულისხმობს. ჩვენ თუ გვაქვს ასეთი ევროპასთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, მთავარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ველოდებით, რომ სამართლიანი, ობიექტური მიდგომა იქნება და ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.