ირაკლი ზარქუა - რა აქვს გიული ალასანიას ასეთი გადახდილი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტურ კამპანიას ვერ ეშვებიან? მცდელობაა, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ
ირაკლი ზარქუა - რა აქვს გიული ალასანიას ასეთი გადახდილი, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ლობისტურ კამპანიას ვერ ეშვებიან? მცდელობაა, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ

ლობისტური კამპანია ხომ უნდა დასრულდეს? გამაგებინეთ, რა აქვს გიული ალასანიას ასეთი გადახდილი, რომ ვერ ეშვებიან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს 44 ევროდეპუტატის განცხადებაზე, რითიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ირაკლი ზარქუას თქმით, მათი მიმართვები ფუჭია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ აქვს და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება არ არის.

„ასევე, გერმანიის კვალიფიციურმა კლინიკამ დაადასტურა, რომ არც მოწამლულია. სააკაშვილი უნდა იკვებოს და საბოტაჟს შეეშვას. პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ და თქვენს სახელმწიფოებს მიხედეთ, სადაც მაღალი ინფლაცია და უამრავი გამოწვევაა. კონცენტრირდნენ იმ გამოწვევებზე, რაც ევროკავშირსა და ევროპას აქვს. პრობლემას რაც ქმნის, რუსეთის აგრესიაა და მასზე კონცენტრირდნენ. ეს ლობისტური კამპანია ხომ უნდა დასრულდეს? გამაგებინეთ, რა აქვს ქალბატონ გიულის ასეთი გადახდილი, რომ ვერ ეშვებიან? სააკაშვილის კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობს, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა. მცდელობაა, რომ ჩვენს ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენონ. მათგან ველოდები ბოდიშს მიღებული რეზოლუციებისთვის, რადგან საუბარი იყო, თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.