ირაკლი ზარქუა - „ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი, მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთეს
ირაკლი ზარქუა - „ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი, მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთეს

„ქართული ოცნებიდან“ წასული სამივე ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი და პატრიოტი. იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვექტორი შეიცვალეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სამივე მათგანი არის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი და მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრი რამ გააკეთეს.

„მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ – მეც, ჩემი კოლეგებიც, თუმცა მათ თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუქტიურით შებოჭილი არ ვიქნებით, განცხადებებში მეტად თამამები ვიქნებითო. პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს, როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ბოლომდე დავიცავ და ის, ვინც ფასიანი ლობისტია ან „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, – განაცხადა ზარქუამ.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.