ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, გვაქვს უმრავლესობა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ქაოსი და არეულობა მოაწყოს ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა, გვაქვს უმრავლესობა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ქაოსი და არეულობა მოაწყოს ჩვენს ქვეყანაში

პრეზიდენტის ქმედებები ბოლო დროს არ ექვემდებარება რაიმე ლოგიკურ ახსნას. სამწუხაროდ, გახსოვთ, ფარცხალაძის თემა, იუსტიციის სამინისტრომ როდესაც მიმართა, არ მოუხსნა, მერე, ვიდრე პარლამენტში მოვიდა, ორი დღით ადრე მოუხსნა მოქალაქეობა, ამოუხსნელია ქალბატონი პრეზიდენტის ქმედებები, მაგრამ კიდევ კარგი, რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს მის წარმომადგენლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები აუცილებელია.

„მავნებლობაა ეს, მეტი არაფერი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რათა პრევენცია მოვახდინოთ იმ რადიკალების, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური ხედვების რეალიზაციად მხოლოდ ის მიჩნიათ, თუ ქაოსს მოაწყობენ, რევოლუციას და ასე მოვლენ ხელისუფლებაში. რატომ? იციან, რომ მათ მხარს არ უჭერს ქართული საზოგადოება და ამიტომაცაა, ახლა ხან ტრენინგებს გადიან, ხან ამზადებენ ახალგაზრდებს, შეცდომაში უნდათ, შეიყვანონ. ის ახალგაზრდა ბიჭი, ფაქტობრივად, დაღუპეს, მიტინგზე მიიწვიეს, მერე მისცეს „კოქტეილი“, მერე უთხრეს, აბა, ესროლე და ახლა კაციშვილი არ დადის მის პროცესებზე, ასე მიაგდეს. ზუსტად ასე გაწირავენ ყველა ახალგაზრდას და თვითონ ჩირგვებში დაიმალებიან. მარტო კი არ მიუღია გადაწყვეტილება იმ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, ვიღაცისგან ჰქონდა მიღებული ინსტრუქცია, როგორ უნდა მოქცეულიყო, ესაა მათი ხელწერა და ვეტყოდი ახალგაზრდებს, ნუ აჰყვებიან და შეცდომაში ნუ შევლენ. ვეტო, ბუნებრივია, დაიძლევა, გვაქვს უმრავლესობა, უბრალოდ, პროცესი არის, ჩავიხედავთ, თუ არის არგუმენტი და ჩვენი არგუმენტი კი იცით. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ქაოსი და არეულობა მოაწყოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო 19 ოქტომბერს დაადო.