ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, თუ უარს იტყვიან, იქნება დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, სამარცხვინო წაგებას არჩიეს, ციხისთვის შეეფარებინათ თავი
ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, თუ უარს იტყვიან, იქნება დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, სამარცხვინო წაგებას არჩიეს, ციხისთვის შეეფარებინათ თავი

პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია. ამით კიდევ ერთხელ ხდება ილუსტრაცია ამ რადიკალებისა და მათი პატრონებისთვის, რომლებიც გვეუბნებოდნენ, თურმე „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ ოპოზიციასთან დამარცხდება და ამიტომ დაიწყო რადიკალების დაპატიმრება. აგერ, ბურთი და მოედანი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, შეთავაზებაზე თუ უარს იტყვიან, იქნება დასტური, რომ იმდენად უსუსურები არიან, სამარცხვინო წაგებას ციხეში ყოფნა არჩიეს.

„ჩვენ ვამბობთ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, დაარღვევ კანონს, შესაბამისად, მოხვდი ციხეში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. თქვენმა პატრონებმა ან ტოპტვინებმა რომ არ თქვან, დაიჭირეს, რადგან ეშინიათ არჩევნების, მოინანიეთ, განცხადება დაწერეთ და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. დაკმაყოფილდება თქვენი ნება-სურვილი. ამით ყველას მიეცემა შესაძლებლობა, თუ ვინმე შემორჩათ, მათი მხარდამჭერების აზრი და ხმა გააჟღერონ არჩევნებზე. უარს თუ იტყვიან, იქნება დასტური რასაც ვამბობდით, რომ იმდენად ჩაფლავებული, უსუსურები არიან, სამარცხვინო წაგებას არჩიეს, ციხისთვის შეეფარებინათ თავი. თავიანთი არჩევანით წავიდნენ ციხეში“, – აღნიშნა ზარქუამ.

ზარქუას თქმით, რადიკალები ქმედებებში დაკარგული არიან.

„გუშინ რომ გამოვარდნენ ცალკეული პარტიების ტოპტვინები – არა, ჩვენ არ მივიღებთო, ეს სერიოზულად არც გვინდა, მივიღოთ. დაველოდებით მათი ბელადებისა და ლიდერების პოზიციას. ისე კითხვა მაქვს, თუ ყაველაშვილის ამ განცხადებას არ იღებენ, რადგან  არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და, ხომ არ იციან, ადგილობრივ არჩევნებს ვინ ნიშნავს? პრეზიდენტი ნიშნავს. მთავრობა თუ არალეგიტიმურია, ცესკო ლეგიტიმური როგორ არის? მის მიერ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები როგორ არის ლეგიტიმური და როგორ იღებს ნაწილი მონაწილეობას? ვის ატყუებენ? არეულები არიან, თარგმანში დაკარგულები კი არა, ქმედებებში დაკარგულები არიან ეს რადიკალები“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მანაც მიმართა ყაველაშვილს შეწყალების თაობაზე, ზარქუა პასუხობს, რომ შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ და სააკაშვილი რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე, შეწყალება ვერ შეეხება.

„რა შუაშია სააკაშვილი? ის არ არის საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და იხდის სასჯელს. ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ამ რადიკალებს, რომლებიც ოპოზიციაში არიან და დღეს დაკავებული არიან. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, რომ მიხვიდე, შეიძლება, უკრაინულად დაგელაპარაკოს, ქართულიც არ იცის, დაავიწყდა. ეს ეხება ჩვენს ადგილობრივ რადიკალებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.