ირაკლი ზარქუა – პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო, მგონია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა
პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო, ახალი ელჩისგან ველოდებით, რომ პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, შეასრულოს თავისი დიპლომატიური მისია, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ფიშერი მხარს უჭერდა რადიკალებს, მიტინგებზე დადიოდა, სასამართლოებს ესწრებოდა, ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში“.
„დღეს გერმანიაში საქართველოს ელჩს ოფიციალურად შეხვედრა აქვს გერმანიის პრეზიდენტთან. შვიდ თვეზე მეტია, ჩვენი ელჩი ოფიციალურ უფლებამოსილებას ელოდება. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მავნებელმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა, რომელიც აქ ჰყავდათ დანიშნული, საქართველოში უფლებამოსილება ამოწურა. მგონი, პენსიაზეც კი გავიდა, იმდენად მძიმე დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. ამას შეცდომას ვერ დაარქმევ, ეს იყო მის მიერ გადადგმული გააზრებული ნაბიჯები. მხარს უჭერდა რადიკალებს, მიტინგებზე დადიოდა, სასამართლოებს ესწრებოდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. პირიქით, გერმანიის საელჩოს ვულოცავ, რომ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ელჩისგან გათავისუფლდნენ. ალბათ შვებით ამოისუნთქეს. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მგონია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახალი ელჩისგან ერთ მთავარს ველოდებით – პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და თავისი დიპლომატიური მისია შეასრულოს, რომელიც ქართველ-გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობის, კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას, გაღრმავებას გულისხმობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.