ირაკლი ზარქუა - პარლამენტში არის პასუხისმგებლობის განაწილება და არა დერეფნებში კომენტარების კეთება, თუ გინდათ მუშაობა, მობრძანდით, დაესწარით სხდომებს
ირაკლი ზარქუა - პარლამენტში არის პასუხისმგებლობის განაწილება და არა დერეფნებში კომენტარების კეთება, თუ გინდათ მუშაობა, მობრძანდით, დაესწარით სხდომებს

ანა ნაცვლიშვილი ისეთი გონორით შემოვიდა პარლამენტში, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ექვსი თვის განმავლობაში რაც ქუჩა-ქუჩა იარეს, ტყუილად დრო დაკარგეს, ცდილობენ, რაღაცნაირად შექმნან განცდა, რომ ხალხზე ზრუნავენ და ამით თავი გამოიძვრინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, გუშინ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, თუმცა სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო.

„როცა გავიგე, რომ მინისტრი მოდიოდა პარლამენტში, მას წინასწარ ვუთხარი, მეთქი გაძლება მოგცეს ღმერთმა, ოპოზიციისგან დღეს ისეთი ამბავი იქნება და საერთოდ არ მოვიდა ეს ხალხი, საერთოდ არ გამოჩნდნენ. ნუთუ არ აინტერესებდათ, მათ შორის კომენდანტის საათი გადაიწევს თუ არა, მათ შორის ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს, მათ შორის ის ყბადაღებული მილიონი დოზა შემოვა თუ არა, გუშინ უმრავლესობა ვიყავით ოპოზიცია ფაქტიურად. ამის შემდეგ გამოხვალთ, რაღაც ნიშნის მოგებით და მაღალი მორალით დაგელაპარაკებით, არ მიგიღებთ ახლა. თქვენი შემოსვლის გარეშეც ამ პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, რომელთაც ხელფასს იღებთ, მათ შორის თქვენ და თქვენი პარტია, რომელსაც გადაერიცხა თანხები. მიუხედავად თქვენი არყოფნისა დამტკიცდა მთავრობა და დღემდე სოციალურ დახმარებებს თუ ცალკეულ ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს ვახორციელებთ. პირველად დავეთანხმე ელისაშვილს, სწორი თქვა, აქ არის პასუხისმგებლობის განაწილება და არა ის, რომ დერეფნებში კომენტარი გააკეთოთ, ამას თქვენ ქუჩებშიც აკეთებდით და ხალხი ვერ აიყოლიეთ, ამიტომ შემოხვედით მერე, იძულებული გახდით. ასე რომ ახლა არ გამოგივათ ეს რაღაც ლამაზი მცდელობები, რომ სახე შეინარჩუნოთ. თუ გინდათ მუშაობა, მობრძანდით, დაესწარით სხდომებს“, – განაცხადა ზარქუამ.