ირაკლი ზარქუა - პაპუაშვილის წერილის მიზანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ეცნობოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას 
ირაკლი ზარქუა - პაპუაშვილის წერილის მიზანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ეცნობოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორი, ადეკვატურია, რომ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართა.

მისივე თქმით, წერილის მიზანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აცნობონ, რატომ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ.

ამასთან, ზარქუას თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ყველა პოზიციას უერთდება.

„ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი იყო ადეკვატური, სწორი. ის ემსახურება მიზანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ კოქსს ეცნობოს, რატომაც არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ სამარცხვინო რეზოლუციას, რომელიც მიიღეს ისე, რომ მეოთხე პუნქტში შესწორება შევიდა, თითქოს სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. წერილში ცხადად არის აღწერილი, რომ ევროპა, ევროპული ინტეგრაცია დგას სამართლიანობაზე, კანონის უზენაესობაზე. შესაბამისად, სააკაშვილს, მათ შორის ევროპული სასამართლოთი, მისჯილი აქვს, როდესაც მან ხელი დააფარა და სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი ადამიანი შეიყვანეს რეზოლუციაში. პროცედურულად 650-წევრიან საბჭოში 55-ით მიიღეს გადაწყვეტილება, დრო და სივრცე შეარჩიეს ისეთი, სადაც გააძვრინეს ეს ცვლილება. წერილში პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო უერთდება უკრაინის მხარდამჭერ ყველა პოზიციას, მათ შორის პუტინის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით.

სააკაშვილი ბრალდებულებია კონკრეტულ თემებზე, ათობით საქმე იხილება საქართველოში და პრეტენზია აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორისა წამება, ადამიანის უფლებების შელახვა, რეკეტი, სისტემური დანაშაული, რაც ევროპის სასამართლომ დაადგინა. ასეთი ადამიანი შეიყვანეს რეზოლუციაში. ასე რომ, მგონია, სამარცხვინოა და მკაფიო სიცხადე უნდა შეგვეტანა და შეიტანა კიდეც პაპუაშვილმა.

ევროინტეგრაციას ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, სადაც კანონი არის უზენაესი და არა კონკრეტული ფასიანი ლობისტების მიერ დაპროგრამებული, დაფინანსებული თუ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ არის ევროსაბჭო, ეს არ არის ევროპული სტანდარტი, ევროპული ღირებულება. მიუღებელია, როდესაც ადამიანს კონკრეტულ ბრალდებაზე აქვს მისჯილი, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით და უცებ რეზოლუციაში ასეთი რამ ხვდება. რა თქმა უნდა, პუტინს ჰყავს პოლიტპატიმრები, თუმცა სააკაშვილს ამ თემასთან არაფერი საქმე არ აქვს. ის სასჯელს იხდის კონკრეტულ დანაშაულებზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.