ირაკლი ზარქუა - პაატა, ძმაო, ჩვენი ქვეყანა არცერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს, ჩვენი ქვეყანა საქართველოს ინტერესებს და ჩვენს მოსახლეობას უნდა ემსახუროს
ირაკლი ზარქუა - პაატა, ძმაო, ჩვენი ქვეყანა არცერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს, ჩვენი ქვეყანა საქართველოს ინტერესებს და ჩვენს მოსახლეობას უნდა ემსახუროს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ მანჯგალაძე ვაშაძის ტყვეა, ისეთ განცხადებებს აკეთებინებს ხოლმე, რომ ზუსტად ვიცი, ეს კაცი ამის ავტორი არ არის, მაგრამ ვაშაძის პარტიაში როცა ხარ, იქ ყოველთვის ბატონი უნდა ეძებო, ხან ერთ ბატონთან მსახურობდა, ხან მეორესთან და ხან მესამესთან და ახლა ისევ პირველ ბატონს დაუბრუნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ქვეყანა საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახუროს.

„იქ ხაბე დახვდა, ჩამოყალიბდებიან, რომელი ემსახურება უფრო უკეთესად ბატონს. მათი ბატონი არის ქაოსი, არეულობა, პირადი ინტერესები და პოპულიზმი. ვინც დააფინანსებს იმათია. ეს არის უპრინციპოების გაერთიანება. არ გამკვირვებია მანჯგალაძის განცხადება, რაც მათში დევს და ფიქრობენ, ის აღმოხდა ამ ადამიანს, თორემ ახლა მეორედ რომ დააყენო, მაგას კი არ იტყვის, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ შეცდომა კი არ იყო, რაც მათ დნმ-ში დევს, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო. ვერ წარმოუდგენიათ, ამ დალოცვილ ქვეყანას თავისი კულტურით და რესურსებით რომ შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს და საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელოს. ეს წარმოუდგენლად მიაჩნია, ამიტომაც აცხადებს, ერთ ბატონს თუ მეორე ბატონს. პაატა, ძმაო, ჩვენი ქვეყანა არცერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს. ჩვენი ქვეყანა საქართველოს ინტერესებს და ჩვენს მოსახლეობას უნდა ემსახუროს და ამას ვაკეთებთ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. ბევრი გავანაწყენეთ დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, მაგრამ წინ მივიწევთ, რადგან საქართველოს ინტერესები ჩვენთვის უზენაესია და ამ ინტერესებში ვინც დაემთხვევა, ის იქნება ჩვენი პარტნიორი და ჩვენი მეგობარი და არა პარტიული სულისკვეთებით რომ არიან ხოლმე ესა თუ ის სახელმწიფო ლიდერები განმსჭვალულები. ასეთს არ მივიღებთ და არც საქართველოს მოსახლეობა მიიღებს. კმარა. ჩვენ საქართველოს ინტერესებს დავიცავთ. ასე ვმოქმედებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ამიტომაც გვაქვს ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა ზარქუამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა: „შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, გაუგებარია“.