ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რაღაც მწვავე დებატებში წარმოჩნდნენ, ეს არ არის ის დებატები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რაღაც მწვავე დებატებში წარმოჩნდნენ, ეს არ არის ის დებატები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს

ჩვენ უნდა ვიდაოთ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა ვიდაოთ, აბა, რომელი ჯობია, უფრო უკეთესი ეკონომიკური სტიმულირება, მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, რომელიც დღეს გაცხადდა, იგივე აგროკრედიტის მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც 2020 წელს ჰქონდა საქართველოს პანდემიიდან გამომდინარე. ეს იყო უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, ბიუჯეტის დეფიციტი. საკმაოდ არგუმენტირებულად ისაუბრა. ამავე დროს ისაუბრა იმაზეც, თუ რა გამოსავალი გვაქვს. ისაუბრა, მიმდინარე წელს როგორი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს, მათ შორის, აპრილი-მაისის თვეში. როგორ შეიძლება, რომ დასაქმების ნაწილში უფრო უკეთესი პროექტები განვახორციელოთ. ისაუბრა იმავე სოფლის მეურნეობაში რომ იგეგმება მთელი რიგი პროექტების განხორციელება, რომლებიც ჩვენს მეწარმეებს, ჩვენს ადამიანებს სოფლად გვერდში დაუდგება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ასევე საკმაოდ არგუმენტირებულად უპასუხა ოპოზიციის შეკითხვებს, მათ შორის, საპენსიო მიმართულებით.

„ითქვა, რომ დიახ, მაღალია საპროცენტო განაკვეთი და ჩვენ 2022 წლამდე, რომელიც ხელშეკრულებით „ლიბერთის“ მომსახურეობას გულისხმობდა, ასე ვთქვათ, დროზე ადრე „ლიბერთისთან“ შეთანხმებით ჩაიხსნა. ამავე დროს, მზაობა გამოთქვა, რომ მყისიერად მოხდება რეაგირება, შეიქმნება შესაბამისი სატენდერო კომისია, სადაც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენ მერე სამართლიან პირობებს დავადგენთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან დასმული კითხვები არ იყო მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული.

„პრემიერ-მინისტრი რომ მოდის წელიწადში ერთხელ და გაქვს შესაძლებლობა, იმ გამოწვევების ფონზე კითხვა დაუსვა, რაც საზოგადოებას აინტერესებს და უცებ უსვამ კითხვას, რომ თქვენი ნათესავი რატომაა იქ. პატარაა საქართველო, ვიღაცა ვიღაცის ნათესავი სადღაც არის დასაქმებული. ეს არის მთავარი პრობლემა ახლა, ერთი და ორი ადამიანი? არაადეკვატურობა იყო, თუმცა ისინი ცდილობენ, რაღაც მწვავე დებატებში წარმოჩნდნენ. ეს არ არის ის დებატები, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. ჩვენ უნდა ვიდაოთ იმ ეკონომიკურ ზრდაზე, უნდა ვიდაოთ, აბა, რომელი ჯობია, უფრო უკეთესი ეკონომიკური სტიმულირება, მხარდამჭერი პროგრამები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, რომელიც დღეს გაცხადდა, იგივე აგროკრედიტის მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტები იზრდება და კიდევ უფრო აქცენტირება ხდება ჩვენს ახალბედა მეწარმეებზე. ამაზე იყო სასაუბრო, თუ როგორ და რა ფორმით განხორციელდეს, რომ ეფექტიანი იყოს. არაუშავს, სამაგიეროდ უმრავლესობიდან იყო ამაზე საკმაოდ მკაფიო კითხვები, მკაფიო პასუხებიც. ასე რომ, დადებითად შევაფასებდი მე დღეს პრემიერის ანგარიშს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დატოვე კომენტარი