ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება

გულგრილი დამოკიდებულება, შეცდომებითა და ხარვეზებით მუშაობა არცერთ კომპანიას არ ეპატიება, ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, როცა აეროპორტის გზა იგებოდა, ხარვეზები მაშინაც იყო, არ მოგვეწონა, მიუღებელი იყო და კომპანია იძულებული გახდა, ის საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციას თემა არ აქვს და ცდილობს, ყურადღება რამეზე გადაიტანოს.

„ახლა ამ ხელმოცარულებს თემა არა აქვთ. საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ჩაფლავდნენ, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ჩაფლავდნენ, სანქციების ნაწილში საქართველომ ხალხთან ერთად გაიმარჯვა და აქედანაც გამარჯვებული გამოვედით. ახლა, როცა ყველა მიმართულებით ხელმოცარული გახდნენ, ჩასაფრებული არიან – აბა, პროექტი რომ კეთდება, როგორ კეთდება, აგვიანდება თუ არა. ერთი სული ჰქონდათ, კახი კალაძეს ეთქვა, რომ პროექტმა ერთი ან ორი თვით გადაიწია. ეს რომ ვერ გაიგეს, ამიტომ არიან დაგეშილი და ამ ხელმოცარულებს ფრონტი აქვთ გახსნილი. როგორც იყო დაგეგმილი, წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლომდე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. ამიტომ გაგიჟებული არიან და არ იციან, რა ქნან. კორუმპირებული უგულავას არაერთი ზედაპირულად გაკეთებული პროექტი გვინახავს. „ქართული ოცნების“ ხელწერაა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, როცა ყველაფერი ფუნდამენტურად გამოიცვალა და ხელახლა გაკეთდა. ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას ცხვირწინ დაუდო. ოპოზიციის ჯინაზე წერეთლის გამზირის პროექტიც ბოლომდე მივა და დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.