ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობა“, დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით, ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს, ახლა უკვე თავიანთი პირითაც აღიარეს
ირაკლი ზარქუა - „ნაცმოძრაობა“, დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, მერაბიშვილით, ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს, ახლა უკვე თავიანთი პირითაც აღიარეს

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი თავისი ნებით არ ჩამოსულა, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი ამოცანა იყო რევოლუციის გზით მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.

ზარქუას განცხადებით, აღნიშნული სცენარი არ გამოუვიდათ და ახლა ერთმანეთის ლუსტრაცია მოახდინეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვამბობდით მანამდეც და ახლაც, რომ სააკაშვილი თავისი ნებით არ ჩამოსულა, მას დაუგეგმეს, ჩამოიყვანეს გარკვეულმა ჯგუფებმა. რისთვის? ხომ გაცხადდა, რომ აქ მოეხდინა ქაოსი, არეულობა, შემდეგ პარლამენტის პიკეტირება. არ ვიცი, რა მოსალოდნელი შედეგების იმედად იყვნენ, მაგრამ ამოცანა იყო რევოლუცია მოეხდინათ, ამ გზით მოსულიყო „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამოცანა იყო, ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რამენაირად არჩევნებამდე. არ გამოუვიდათ და ახლა ხდება ლუსტრაცია ერთმანეთის.

ჩემთვის მერაბიშვილიც, ის მეორე ფლანგიც და სააკაშვილიც არის რუსული პროექტი, ამას ჩვენ ვამბობდით 2003 წელს, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოახდინეს და ივანოვი იყო შუამავალი. ივანოვი ჩამოფრინდა და მან გადასცა შევარდნაძისგან ხელისუფლება, ხონჩით მიართვა სააკაშვილს. რაც სააკაშვილმა დაუფასა, შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს, რუსული კომპანიები შემოიყვანა საქართველოში, შემდეგ რუსულ არმიას შემოუძღვა სააკაშვილი და 20% დაგვაკარგინა. ბოლოს ჩვენს გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია იმ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რითიც დასავლეთს უკვე შანსი გამოეცალა, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის. ეს არის რეალობა. ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ ვიღაცის გავლენებით და დღემდე წარმოადგენენ გავლენის აგენტურას, ცალკეული ნაწილი კი – სასარგებლო იდიოტს. ჩემთვის ეს პარტია პირველი დღიდანვე იყო რუსული ინტერესების გამტარებელი, დაწყებული მათი ბელადიდან, დამთავრებული ხერხემალს რომ ეძახდნენ, იგივე მერაბიშვილი და დანარჩენები. ყველანი ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს. ახლა უკვე თავიანთი პირითაც აღიარეს“, – განაცხადა ზარქუამ.

მიხეილ სააკაშვილმა „შპიგელთან“ განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.