ირაკლი ზარქუა - გეუბნებოდით, რომ მელიას გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარედ ხაბეც აღმოჩნდეს
ირაკლი ზარქუა - გეუბნებოდით, რომ მელიას გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარედ ხაბეც აღმოჩნდეს

რამდენიმე თვით ადრე გეუბნებოდით, რომ რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა მიხეილ სააკაშვილის კულტის მიმართ. გეუბნებოდით, რომ ნიკა მელიას პარტიიდან გააგდებდნენ ან თვითონ წავიდოდა. ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აღმოჩნდეს.

„სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ ისევ მორიგ აქტივისტს დააყენებენ – შეიძლება ხაბეც აღმოჩნდეს, ამაზე „სპასობნია“, ირბენს, სახურავზეც ავა. ეტყობა, მელია სხვა ღირებულებების არის და ეს ვნახეთ. მგონია, გარკვეული ჯგუფი იქნება აქტიური, იტყვიან, მიშა ტყვეობაშია და გავათავისუფლოთ – ირბენენ და დაიღლებიან. თანხები რომ გამოელევათ, შემდეგ დაისვენებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მათი მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, ეტყობა, სააკაშვილთან მიმართებაში დაიღალნენ, მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს, გუშინდელმა დღემ „ნაცმოძრაობის“ ვითარება უფრო დაამძიმა და ახლა ისევ რიგგარეშე არჩევნებზე გადავიდნენ, რისი საფუძველიც არ არსებობს. ეს თქვა ეუთო/ოდირმაც და პარლამენტში წარმოდგენილმა ოპოზიციამაც. დებატები უნდა იყოს პარლამენტში და არა – ქუჩაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.