ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და რა გააკეთეს? ისევ პიკეტირების, რევოლუციის, ქაოსის გზა აირჩიეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითიც ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო ბოიკოტს გამოეხმაურა.
ირაკლი ზარქუას თქმით, ეს გადაწყვეტილება ამომრჩევლებისთვის კიდევ ერთი ნათელი სურათია, რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია.
„რაც შეეხება რადიკალების ბოიკოტს, ეს ჩვენ წინასწარ ვიცოდით კიდეც. მათი ხელწერა რა არის? შანტაჟი, ერთმანეთის ჩაწერა და ერთმანეთის მუქარები, რაც წინასაარჩევნოდ პარტიაში ჰქონდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გამორიცხულია, ესენი ზნეს არ შეიცვლიან, არ შეიცვლიან მიდგომებს და სტრატეგიას. განახლება დაარქვეს და მერაბიშვილი დგას ამ განახლების უკან. ამით ყველაფერია ნათქვამი. ხაბეს და მისი მიმდევრების ნამუშევარი არ გაიშვა. ერთი კანონპროექტი წარმოადგინოს, რომელიც ჰქონდა. რას მუშაობდნენ, მაგრამ ისიც კი ეზარებათ, მოვიდნენ და თავიანთ ამომრჩევლებს რაც აინტერესებთ, ის განცხადება გააკეთონ.
ბოიკოტი გამოაცხადეს, თუმცა ხელფასებიც შეინარჩუნეს და ყველა საპარლამენტო ბენეფიტი, პრივილეგია. პარლამენტში მოსვლაც კი ეზარებათ. ალბათ თავიანთი ამომრჩევლებისთვის კიდევ ერთი ნათელი სურათია, რას წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და რა გააკეთეს? ისევ პიკეტირების, რევოლუციის, ქაოსის გზა აირჩიეს და საბაბად სააკაშვილის თემა დაარქვეს. სააკაშვილს მისჯილი რაც აქვს, მათ შორის ეს ევროპულმა სასმართლომ მიუსაჯა. ვისთან ომობ, რა პრეტენზია გაქვს, ისევ გააგრძელე დავა. რატომ აკეთებ პიკეტირებას და რატომ ცდილობ, 12-პუნქტიანი გეგმა დაასრულო, ჩაშალო? ევროკომისიის მხრიდან დეკემბრის თვეში განსხვავებული პოზიცია თუ დაფიქსირდება, პირდაპირ იქნება დამსახურება რადიკალური ოპოზიციის, „ნაცინალური მოძრაობის“ და ჭიჭე ვაშაძის, რომელსაც რუსები ჰყავს სახლში, რომელიც ბინას აქირავებს, ფულს იღებს და სხვებს ამუნათებს. ამ გუნდის და ამ სექტის დამსახურება იქნება.
ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ ნაკლები ქაოსისკენ, ნაკლები დესტაბილიზაციისა და ნაკლები რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდეს. იმის მაგივრად, რომ ყველა პარლამეტში იყოს შემოსული, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. რეალურად თუ გინდათ ბოიკოტი, მაშინ მანდატები დატოვეთ და გადით. ვის ატყუებთ? ერთმანეთს და თქვენს ამომრჩეველს ატყუებთ? ხელფასები და საპარლამენტო პრივილეგიები გინდათ და აქ მოსვლა, განცხადებების გაკეთებაც აღარ გინდათ? ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო, რას წარმოადგენთ და რა ინტერესებიც გაქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.