ირაკლი ზარქუა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამარცხვინოა, უკვე უკრაინის ელჩსაც შეურაცხყოფას აყენებს
ირაკლი ზარქუა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამარცხვინოა, უკვე უკრაინის ელჩსაც შეურაცხყოფას აყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სამარცხვინოა.

აღნიშნული კომენტარით ზარქუა გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვის მიმართ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას.

„რა შეიძლება ვთქვა, კიდევ ერთხელ სამარცხვინოა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, აწ უკვე უკრაინის მოქალაქე მიხელ სააკაშვილის განცხადებები. უკვე უკრაინის ელჩსაც შეურაცხყოფას აყენებს, ვნახეთ ევროპის ცალკეულ ელჩებზე თავდასხმები, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორზე, ამერიკის ელჩზე. ჩემი აზრით, აგონიაში არიან, ამიტომ ბატონ უკრაინის ელჩს ვურჩევდი, ყურადღებას ნუ მიაქცევს, რადგან სააკაშვილი არ არის ადეკვატური.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, უკრაინა-საქართველო ერთად გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რაც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას, პანდემიასთან ბრძოლას და ეკონომიკურ გზას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ გამოწვევებზე. რაც შეეხება სააკაშვილს, მის უპასუხისმგებლო განცხადებებზე ელჩს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, რადგან ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ხალხის დიდი გულშემატკივარია, უკრაინელ ხალხთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარებათ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. იგორ დოლგოვის განმარტებით, იმედი აქვს, ერთი კონკრეტული პირის – უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ორი ქვეყნის მეგობრობას.

დოლგოვის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ მეშვეობით გამოეხმაურა და უკრაინის ელჩს  კორუმპირებული უწოდა.

დატოვე კომენტარი