ირაკლი ზარქუა - მავნებლებს სურთ საქართველოს კონფლიქტში ჩართვა, რაც არ გაუვათ, საკმარისად ვიომეთ, მეტი აღარ მოხდება, ქვეყანას ვერ ავარევინებთ
ირაკლი ზარქუა - მავნებლებს სურთ საქართველოს კონფლიქტში ჩართვა, რაც არ გაუვათ, საკმარისად ვიომეთ, მეტი აღარ მოხდება, ქვეყანას ვერ ავარევინებთ

მავნებლებს სურთ საქართველოს კონფლიქტში ჩართვა, რაც არ გაუვათ. საკმარისად ვიომეთ, მეტი აღარ მოხდება, ქვეყანას ვერ აგარევინებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ქვეყანაში, ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში.

„ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, რათა ტრაგედიები აგვაცილეს. ისეთი მოცულობის ნაღმზე თუ ასაფეთქებელ ნივთიერებაზეა საუბარი, 14 კილოგრამი მთელ ქალაქს აწევდა ჰაერში. ამბობენ, რატომ შეაჩერა, შეაყოვნა და რატომ გაშიფრა სუს-მა სქემაო. ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს ქალბატონი არის კაპიტანი გიგაური, მდიდარ „ენჯეოშნიკებს“ რომ ვეძახით, ძირითადი ნაწილი ამათზე რომ მოდის, რევოლუციებს რომ გვიწყობენ, ხან გვეუბნებიან არჩევნები გაყალბდაო, თურმე შემდეგ ფორმულაში აქვთ პრობლემა.

ხელმოცარულები ნატრობდნენ, ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს. ნახეთ, რა მცდელობა აქვთ მავნებლებს, ოდესიდან მთელი ევროპა გამოიარა და საქართველოდან უნდოდათ შეეტანათ რუსეთში. იქ რომ რაღაც მომხდარიყო, გამოძიება ხომ დაიწყებოდა და საქართველოზე გამოვიდოდნენ, რადგან ჩვენ გამოვატარებდით. მავნებლებს სურთ საქართველოს კონფლიქტში ჩართვა, რაც არ გაუვათ. ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება, ჩვენი ევროინტეგრაცია შეუფერხებლად იქნება მხარდაჭერილი.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციას, რითაც უნდოდათ, საქართველო ჩაერთოთ კონფლიქტში, ხელმძღვანელობდა უკრაინის მოქალაქე, რომელიც, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ოლქის მაღალჩინოსანია. ვერ ეღირსებით, საქართველო იყოს ჩართული, მეორე ფრონტი არ გაიხსნება, რით ვერ გაიგეთ. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, საკმარისად ვიომეთ, საკმარისად ღვარეს სისხლი ჩვენმა ბიჭებმა, მეტი აღარ მოხდება. ჩვენს სტრატეგიაში გვიწერია, რომ მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ძმები. მორჩა, წერტილი. ვერ არევთ ამ ქვეყანას და ვერც აგარევინებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.