ირაკლი ზარქუა - მამუკა გამყრელიძის განცხადება არის მორიგი აღიარება, რასაც ვამბობდით, რომ რადიკალები აქცენტირებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერაზე, საკუთარი მიზნისთვის მზად იყვნენ, ქვეყანა გაეწირათ
ირაკლი ზარქუა - მამუკა გამყრელიძის განცხადება არის მორიგი აღიარება, რასაც ვამბობდით, რომ რადიკალები აქცენტირებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერაზე, საკუთარი მიზნისთვის მზად იყვნენ, ქვეყანა გაეწირათ

ეს არის მორიგი აღიარება, რასაც ვამბობდით, რომ რადიკალები და ხელმოცარულები აქცენტირებული არიან მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ქულების დაწერაზე, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ კითხვას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და ამბობდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი“.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის მზად იყვნენ, ქვეყანა გაეწირათ.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ნუ მისცემთ, რადგან ამით მმართველი პარტია არჩევნებზე გამოვა და დამაჯერებლად გაიმარჯვებსო. როცა ამას ვამბობდით, ზოგი არ იჯერებდა, თუმცა ეს ჯერ სამნიძემ თქვა, შემდეგ – დეკანოიძემ და ახლა – გამყრელიძემ. ესენი ყველანი თავის დროზე შალვას ფანჩატურის ბინადარნი იყვნენ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გეგმებს ხლართავდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ხელმოცარულები დარჩნენ, არაფერი გამოუვიდათ და ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, რის გამოც ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა ხდება. სალომე სამადაშვილი ბრიუსელში ქვეყნის წინააღმდეგ რომ იბრძოდა, არ იცით? საზოგადოებამ ყველაფერი იცის, არაფერი დაიმალება. ლუსტრაცია მოხდა. რადიკალები გაცოფებული არიან, სიგიჟეებს ჩადიან, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.