ირაკლი ზარქუა - მამალაძის საქმეზე სტრასბურგმა დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, გადაწყვეტილება მოწმობს, რომ რეფორმას შედეგი მოაქვს, რასაც საერთაშირისო სასამართლოებიც აღიარებენ 
ირაკლი ზარქუა - მამალაძის საქმეზე სტრასბურგმა დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, გადაწყვეტილება მოწმობს, რომ რეფორმას შედეგი მოაქვს, რასაც საერთაშირისო სასამართლოებიც აღიარებენ 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის პროცესთან მიმართებით დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

„ე.წ. ციანიდის თემაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები პირველი, მეორე და მესამე ინსტანცია სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს. სტრასბურგმა დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უფლებას, დაცული იყო. ასევე მტკიცებულებების მოპოვება, ბრალის წარდგენის ნაწილიც და განჩინებაც ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ეს მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესი სწორად ვითარდება და სტრასბურგის გადაწყვეტილებაც სწორედ ამას მოწმობს. გახსოვთ, „რუსთავი 2“-ის თემა, სადაც ეჭვიც კი არ შეუტანია და სამივე ინსტანციაზე თქვა, რომ დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება. მამალაძის პროცესთან მიმართებითაც დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

ერთადერთი შენიშვნაა, რეკომენდაციაა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია იყო დარღვეული, ანუ რომელიღაც ჩინოვნიკმა წინასწარ მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ დამნაშავე არისო და ვიდრე სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება, მანამდე არ ჰქონდა უფლება, ეს ეთქვა. მეორე ხარვეზი დადგინდა ის, რომ სხდომა დახურულიყო, თუმცა ისეთი მგრძნობიარე თემები იყო, რომ ალბათ დახურული სხდომები უფრო სწორი იყო. სტრასბურგის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ სასმართლო რეფორმას შედეგი მოაქვს და ამას აღიარებენ არა მხოლოდ აქაური ექსპერტები, არამედ უკვე საერთაშირისო სასამართლოებიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით,  გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა, დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამ თვეში გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, მას დაეკისროს. მამალაძე ზიანის ანაზღაურებას 376 304 ლარის ოდენობით ითხოვდა.