ირაკლი ზარქუა - კოლექტიური „ნაცბანდა“ ჩაიშალა, ახლა ცალ-ცალკე დაეწყვნენ და ჰგონიათ, რომ ცალკეულ პლატფორმებს შექმნიან
ირაკლი ზარქუა - კოლექტიური „ნაცბანდა“ ჩაიშალა, ახლა ცალ-ცალკე დაეწყვნენ და ჰგონიათ, რომ ცალკეულ პლატფორმებს შექმნიან

ეს ხელმოცარულები ყველა ერთად უნდა გავაერთიანოთ, რადგან ერთი არიან, გლობალური ომის პარტიის აქაური წარმომადგენლები, რაც არის „სანაცეთი“ და მისი დაყოფილი პლატფორმები – ლუზერები, ჩახდილები და ა.შ. ჩვენს ინტერესშია, რომ იქნებ გადალახონ საარჩევნო ბარიერი, რადგან უხერხულია, რომ მართლა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, არანაირი ახალი ძალა ოპოზიციაში არ იქმნება.

„იქნებ გადალახონ საარჩევნო ბარიერი, რადგან უკვე კომპლექსი მაქვს – საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ ეტაპზე არ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს. როგორ გადალახავენ ბარიერს, როცა ახალ სახეებად მელიას, გვარამიას და ჩახდილებს ასაღებენ? ახალი პიარის წამოწყების მცდელობა აქვთ, რომ თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი “ჩახდილები“, თავიანთი ჭკუით, ერთიანდებიან. უნდათ საზოგადოებას უთხრან, რომ ვითომ ახალი ძალა არიან – ვინ არის ახალი ძალა? გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო. სწორედ ის დირიჟორობდა, ის მართავდა და, მგონი, მესიჯებსაც ის უწერდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ჩაფლავდა. „ენვერის“ ავტორი და შემოქმედი ახლა არის ე.წ. ახალი სახე? ფანჩატურის მფლობელი შალვაც დაჭერილი ჰყავს, მერე გადაიბირეს და გამოუშვეს. ახალი სახეა პუფი? პარლამენტში არ შემოვალო და შემდეგ შემოვიდა. მელიას ვგულისხმობ, რომელიც ხაბემ ჩამოაგდო, ახლა პრეტენზია აქვს, რომ რაღაც პოლიტოკური ძალა უნდა შექმნას. ასევე, არიან „ჩახდილები“, რომლებიც პირდაპირ რუსული ფილიალი არიან. ეს გაერთიანება ხალხს ვერ მოატყუებს, რომ ახალი სახეები არიან“, – განაცხადა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის აღნიშნულ ნაწილს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

„კოლექტიური „ნაცბანდა“ ჩაიშალა, ახლა ცალ-ცალკე დაეწყვნენ და ჰგონიათ, რომ ცალკეულ პლატფორმებს შექმნიან. დღემდე პრეზენტაციას იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ ზუსტად იციან, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, ხოლო თუ გადალახავენ, სიაში ვინ უნდა ჩაწერონ, ამაზე ვერ თანხმდებიან – საქართველოს ინტერესები ფეხებზე ჰკიდიათ. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდებდნენ და საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. იცით, რაც ევროპაში ხდება – სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და, ამ სანქციების მიუხედავად, ყველა ვაჭრობს რუსეთთან. ნახეთ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან – ყველაზე მეტი შემოსავალი პუტინის რუსეთმა მიიღო. საუბარია ნახევარ ტრილიონზე, მაშინ როდესაც ომამდე ის 150 მილიარდს იღებდა ნავთობის გაყიდვიდან. ეს არის რეალობა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამისკენ მოგვიწოდებდნენ ხელმოცარულები“, – განაცხადა ზარქუამ.