ირაკლი ზარქუა - ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, ახლა სურთ, საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ, მკაცრად დაისჯება, ვინც რელიგიურ ღირებულებებს შეეხება
ირაკლი ზარქუა - ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, ახლა სურთ, საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ, მკაცრად დაისჯება, ვინც რელიგიურ ღირებულებებს შეეხება

ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, ახლა სურთ, საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ და დააპირისპირონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონი გასამკაცრებელია.

„რადიკალური ოპოზიციისა და ეკლესიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც, ამ ჯგუფების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, წლებია, მოქმედებენ. რატომ? – იციან, რომ ქართული მენტალიტეტი სწორედ ქრისტიანობაზე დგას. შესაბამისად, ეკლესიაზე შეტევა სახელმწიფოზე შეტევაა. მმართველი პარტია მართლმადიდებლურ ღირებულებებს მხარს უჭერს და უნდათ, რომ ეკლესია დაასუსტონ და შემდეგ დანარჩენ საქართველოს მოდგნენ. კანონმდებლობა გასამკაცრებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რელიგია იქნება, ყველას შეეხება. ვინც შეურაცხყოფს, კანონით იქნება დასჯილი. სტალინის გამოსახულებაზე რატომ აკეთებთ აქცენტს? ხომ აღინიშნა, რომ წმინდანთან ერთად არის. ხატწერაში მსგავსი უამრავი ფაქტია და საზოგადოებაში ამაზე აქცენტირება პოლარიზაციას იწვევს. რასაც ვაკვირდები, ხელმოცარულებს რევოლუციური სცენარები რომ არ გამოუვიდათ, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობით, უნდათ, რომ საზოგადოება რელიგიური ასპექტით გახლიჩონ და დააპირისპირონ. შეიძლება, ხვალ სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს მიადგნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ, რითიც სურთ, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ამის მცდელობას ვხედავთ. ეკლესიას შეხმატკბილებულად ყველა სექტორიდან უტევენ. ამიტომ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ დროული. ევროპის საუკეთესო გამოცდილება რაცაა, სწორედ ამ მიმართულებით ვიქნებით აქცენტირებული, რათა ყველას უფლებები იყოს დაცული. ამავე დროს, არავის მიეცემა უფლება და მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც ვინმეს რელიგიურ ღირებულებებს, საგნებს თუ ასე შემდეგ, შეეხება და შეურაცხყოფას მიაყენებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის.