ირაკლი ზარქუა - ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველო სტაბილური გახდა, ის იყო ლიდერი, რომელიც გუნდის თითოეული წევრის აზრს ისმენდა
ირაკლი ზარქუა - ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველო სტაბილური გახდა, ის იყო ლიდერი, რომელიც გუნდის თითოეული წევრის აზრს ისმენდა

დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, მისთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გულდასაწყვეტია, რადგან მიაჩნია, რომ ივანიშვილს აქვს დიდი რესურსი, კიდევ გააძლიეროს ქვეყანა.

ამავე დროს, ზარქუას შეფასებით, „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე გამოცდილია და გამოწვევებს გაუმკლავდება.

„პირადად ჩემთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან. ვფიქრობ, ამ ადამიანს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, რომ კიდევ გააძლიეროს ქვეყანა, ისევე როგორც პოლიტიკა მისი გამოცდილებით და გამჭრიახე გონებით. 2012 წლის შემდეგ ყველამ გავითავისეთ, ბატონი ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო სტაბილური გახდა. არც ერთ კონფლიქტში არ იყო ჩართული და შესაბამისად, ეს იყო ლიდერი, რომელიც თითოეული წევრის აზრს ისმენდა და პატივს სცემდა. ასე რომ, თუ ჩვენ დემოკრატიის მიმართულებით გარკვეულ საფეხურზე ვართ, და საკამოდ მაღალ საფეხურზე ვართ, ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა. მე მგონია, რომ გუნდი არის ძალიან გამოცდილი ამ წლების განმავლობაში, საკმაოდ ამბიციური, ჭკვიანი, გამოცდილი ლიდერების ხელმძღვანელობით და ვფიქრობ, გამოწვევებს გავუმკლავდებით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, გუნდს აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს.

„ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წინ წავიდეთ, კიდევ განვავითაროთ ქვეყანა, გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ეს უნდა შევძლოთ. მგონია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ჩემი აზრით, ბატონი ივანიშვილის რესურსი უფრო მეტი იყო, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის. მისი რეიტინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პარტიაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ჩვენთვის გამოწვევაა, პარტიის თავმჯდომარის გარეშე წინ წავიდეთ, შევეცდებით, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება გუნდის ერთიანობის საკითხს, ზარქუას განცხადებით, გუნდი დღეს ერთიანია ისე, როგორც არასდროს.

„ჯანსაღი დისკუსია აუცილებელიც არის, წახალისებულიც იყო ყოველთვის ჩვენს პარტიაში, კამათში არის ჭეშმარიტება“, – დასძინა ირაკლი ზარქუამ.

დატოვე კომენტარი