ირაკლი ზარქუა - ჰარი-ჰარალეზე კომისიის შექმნა არ შეიძლება, ოპოზიციის ინიციატივები უკვე გაუფასურებულია, შნო თუ აქვთ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პიარს ემსახურება, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, რაღაცას აკეთებენ. სინამდვილეში, საქმე სხვაგვარად არის. ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ 5 ივლისს მედიაზე განხორციელებული ძალადობა ტრაგედიაა, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა თემის კომენტირებისას.
მისივე თქმით, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.
„ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ სიტყვებით შემოვიფარგლეთ, არამედ შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და დაკავებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. თუ არ ვცდები, დღეისთვის 27 ადამიანია დაკავებული. შს მინისტრი რომ იყო მოსული, რატომ არ მოუსმინეს? – ხომ უნდა გაეცა პასუხი მათ შორის მწვავე კითხვებზე, მაგრამ ამის მოსმენა არ უნდოდათ და სხდომა ამიტომაც ჩაშალეს. ეს პირდაპირ თქვეს კიდეც და ჩაიშალა კიდეც მოსმენა, რადგან შეუძლებელია მაგიდებზე რომ სალტოებს აკეთებენ, ამ ფორმატში მოუსმინო მინისტრს.
შეეშვან, ამ არაადეკვატური ინიციატივების დაყენებას, რადგან აგერ არის ბურთი და მოედანი. გამოძიება მიმდინარეობს, დავაცადოთ, დავაკვირდეთ. კიდევ თუ კითხვები დაგვრჩა, დავიბაროთ ისევ და მოვა მინისტრი, გაგვცემს პასუხს. თუ არ მოგვეწონა ეს პასუხი, ამის შემდეგ შეიძლება გქონდეს ლეგიტიმური უფლება, მოითხოვო საგამოძიებო კომისია პასუხები. ჰარი-ჰარალეზე და ყველაფერზე შეიძლება კომისიის შექმნა? – გაუფასურებულია უკვე მათი ინიციატივები, თუ რამე შნო აქვთ, მოვიდნენ, დაესწრონ სხდომებს და კითხვები დასვან“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.