ირაკლი ზარქუა - გარკვეულ ჯგუფებს მოლაპარაკებების შედეგით დამთავრება არ სურდათ, ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ბოკერიასთან ერთად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რათა მოლაპარაკებები შედეგით დასრულებულიყო. მისივე თქმით, ყველა ბერკეტი იყო გამოყენებული, რათა შეთანხმება რამდენიმე ასპექტზე მიღწეულიყო.
თუმცა, როგორც ზარქუა აცხადებს, ვადამდელი არჩევნების საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, როგორც ზარქუა ამბობს, სახელმწიფოს 2012 წლის შემდეგ პოლიტპატიმარი არ ჰყავს.
„მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რათა მოლაპარაკებები შედეგით დასრულებულიყო. ოთხი რაუნდი გავმართეთ დიალოგის თუ შეხვედრების, და ყველა ბერკეტი, ყველა ინსტიტუცია იყო გამოყენებული, რათა შეთანხმება მიღწეულიყო რამდენიმე ასპექტზე. წინასწარ განვაცხადეთ, რომ ეს არის საარჩევნო სისტემა და ბარიერი. დანარჩენი, რაც იქ ეწერა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები, ამის საფუძველი არ არსებობდა. ფაქტი არ იყო და ვერავინ დაგვარწმუნა. ვერც ის ბერკეტი გამოიყენეს, როდესაც საგამოძიებო კომისია შევქმენით. მათ შორის, ევროპის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. მეორე მიმართულება გახლდათ პოლიტპატიმრები. 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს არ ჰყავს პოლიტპატიმარი, არ ჰყოლია და არც მომავალში ეყოლება, რადგან განსხვავებული სახელმწიფოს მშენებლობას ჩავუყარეთ საფუძველი, სადაც კანონი არის უზენაესი და ყველა მას ექვემდებარება. ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, არის ჯგუფები, ვისთანაც მეგობრობენ, სხვა ურთიერთობები შეიძლებოდა ჰქონოდათ, მათ შორის – ევროპარლამენტარებთან. არ გამოვრიცხავ, მათ შორის, სენატშიც. ეს ჩვეულებრივია, ვიღაცა ვიღაცის ლობისტია, ზოგი ფარული და ასე შემდეგ, და განცხადებები იქნებოდა, თუმცა 21-ე საუკუნეში ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ 2024 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი, გამორიცხულია, პოლიტპატიმრები ჰყავდეს.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ შემდგარიყო შეთანხმება, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არიან ჯგუფები, რომელთა ინტერესში არ არის, მოლაპარაკებები შედეგით დამთავრებულიყო. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ბოკერიასთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ მზად ვართ, თუ იქნება ჩვენი პარტნიორების მცდელობა ან ინიციატივა, დავსხდეთ, რეფორმაზე ვისაუბროთ, ხარვეზებზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, და ასევე იმაზე, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის იქნება საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.