ირაკლი ზარქუა - გააბითურეს მელია, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა, სააკაშვილის ხაფანგშია გამომწყვდეული
ირაკლი ზარქუა - გააბითურეს მელია, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა, სააკაშვილის ხაფანგშია გამომწყვდეული

მელიას ვურჩევ, არაფრისმომცემ, იაფფასიან კამპანიას შეეშვას, ვხვდები, რომ სააკაშვილის ხაფანგშია გამომწყვდეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი გეგმაზომიერად მიჰყვება შეთანხმებულ პირობას.

„რადიკალურ ოპოზიციას ვთავაზობდით, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა, ციხიდან გამოსულიყო, რადგან მის ხელში იყო ეს ბერკეტები, მაგრამ ჯიუტად აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა და რაღაც ულტიმატუმებს აგზავნიდა. გუშინ, მისი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ თურმე, მას შეთანხმება და საზოგადოება აიძულებდა, ევროკავშირის გირაოს დათანხმებოდა და ამავე დროს ხელი მოეწერა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე. ეს არის მტკნარი სიცრუე. შეთანხმებაში ვერსად ამოიკითხავთ, რომ მელია ვალდებული იყო გირაოს დათანხმებოდა და ამნისტიაზე ხელი მოეწერა. ვთქვით, ვისაც არ უნდა, ამნისტიის კანონპროექტი შეეხოს, შეუძლია, უარი თქვას და ისარგებლოს სასამართლოს მსჯელობით. თუ გამართლდება, ეს სასამართლოსა და ბრალდებულის საქმეა.

მელიას ვურჩევ, არაფრისმომცემ, იაფფასიან კამპანიას შეეშვას. ვხვდები, რომ სააკაშვილის ხაფანგშია გამომწყვდეული. ვეუბნებოდი, რომ თავი არ გაეყო სააკაშვილის დაგებულ ხაფანგში. ახლა რა გამოვიდა? – მელია ციხეში შევიდა, ამბობდა ვერ დამიჭერთო და დაიჭირეს, შემდეგ თქვა, არ გადავიხდიო და ახლა აქეთ იხვეწება გადავიხდიო. ნიკა მელიას გათავისუფლება მის ხელშია, ხვალაც შეუძლია, ან თვითონ გადაიხადოს და თუ არ უნდა ევროკავშირი შეაწუხოს, ან ევროკავშირის შეთანხმებას დათანხმდეს და გამობრძანდეს. მეორე ეტაპია – ან დათანხმდეს ამნისტიას, ან არ დათანხმდეს და სასამართლოში იდაოს, ეს მარტივია. დადებულ პირობას ღირსეულად ვასრულებთ. გეგმაზომიერად მივყვებით, შეთანხმებულ პირობას. ახლა მელია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მისმა ბელადმა თქვა, რომ როგორც კი ამნისტია იქნებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს, რა გამოვიდა? – გააბითურეს ეს მელია და ადამიანურად მესმის. ახლა ამნისტიით გამოვა თუ გირაოთი, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა. არავინ აპირებს, მელიას დასცინოს, მის ბულინგს. მომხრე ვართ, პოლიტიკური კინკლაობა დასრულდეს და რეალურ პრობლემებზე ვიყოთ კონცეტრირებული“, – განაცხადა ზარქუამ.