ირაკლი ზარქუა – ძალადობა არ არის ლამაზი, მიუღებელია, რა ფაქტორითაც არ უნდა იყოს განპირობებული, ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, ეკლესიას, მწერლებს, ეს არის სწორი მიდგომა
ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა და მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. ყველას მოვუწოდებ, ურთიერთობები მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს გარკვეული, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება.
„ამავდროულად, მოვუწოდებ ყველას, რომ არ შეიძლება, იმ ადამიანების უდიერად მოხსენიება, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. საქართველოში ასეთ შეურაცხყოფას არ გაპატიებენ. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი ფორმა. ძალადობა მიუღებელია. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე და არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ პოლიცია ყველგან ვერ დაგიცავს, რადგან საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია, კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ტელევიზიას რომ აბრალებ, გამლახესო, არ არის სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავსაა. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ ქართული საზოგადოება არავის გაუტარებს. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.